ბიზნესმენი ძმები ფხაკაძეების კომპანია „ცენტრალ პარკ ავენიუ“ იპოდრომის მიმდებარედ ცათამბჯენების მშენებლობას გეგმავს, რომელთა შორის 2 შენობაზე არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის შუალედური ნებართვა უკვე გასცა.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, უძრავ ქონებაზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩასა და თბილისის ცენტრალურ პარკს შორის მდებარეობს, შვიდი ნაგებობის აშენება იგეგმება. მათ შორის ყველაზე მაღალი ნაგებობა 79 სართულიანი იქნება და მისი სიმაღლე 259 მეტრით არის განსაზღვრული.

საპროექტო ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, პირველ მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, ხოლო მეორე ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით.

„მიწის ნაკვეთის (01.10.16.004.272) ფართობი 9645 კვ.მ-ია. განაშენიანების ფართობი 72063 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი იქნება 28280, კომერციული კი 4779, საზაფხულო ფართობი 10569. შენობის კონსტრუქციული სიმაღლე 162.46 მეტრია, აქედან მიწის ქვეშ 4.8 მეტრი იქნება (2 სართული), მიწის ზემოთ კი 157.66 მეტრი (43 სართული). 

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.10.16.004.285 ფართობი 70500 კვ.მ განაშენიანების ფართობი  63051.9 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი 15046 კვ.მ, კომერციული ფართობი 8631 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 6114.5 კვ.მ. 118.4 მეტრი, მიწის ქვემოთ 8 მეტრი, მიწის ზემოთ 110 მეტრი. შენობა 23 სართულიანი იქნება“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

01.10.16.004.272-ზე არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის  შპს ცენტრალ პარკ ავენიუ. დირექტორი ვასილ ფხაკაძეა, 100%-ის მფლობელი კი შპს იდეა (20% ვასილ ფხაკაძე, 40% ლევან ფხაკაძე, 40% სამსონ ფხაკაძე). 

01.10.16.004.285 საკადასტრო კოდზე მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კი ფონდი ქართუა. შპს ცენტრალ პარკ ავენიუ მომავალ მესაკუთრედ არის მითითებული 01.10.16.004.283; 01.10.16.004.284 საკადასტრო კოდებზე მდებარე ფართობებზე.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა „ქართუ ფონდმა” იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80 145 მ²-ის უძრავი ქონების გაყიდვის გარიგება „ცენტრალ პარკ ავენიუსთან“ 2023 წლის ბოლოს გააფორმა.