ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2026 წლიდან გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისას მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენება დაიწყება. მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, გზის ხარისხისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, მომავალი წლიდან სახელმწიფო პროექტებში გზის საფარის ზედა ფენისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს მოდიფიცირებული ასფალტო ბეტონის გამოყენება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოდიფიცირებული ასფალტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გზის საფარის გამძლეობასა და მდგრადობას როგორც მაღალი ტემპერატურის, ისე ყინვის პირობებში. ის უკეთ ეწინააღმდეგება კლიმატურ და მექანიკურ დატვირთვებს, ამცირებს ბზარების წარმოქმნის რისკს, ზრდის გზის ექსპლუატაციის ვადას და უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების უკეთეს მოჭიდებას, რაც მძღოლების უსაფრთხოებასაც უწყობს ხელს.

სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ გზების მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე,  მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე, ასევე, გაიმართა პრეზენტაციები ასფალტო ბეტონის მოდიფიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, თბილი ასფალტო ბეტონის გამოყენების უპირატესობებზე და ტექნოლოგიური ნაცრის ბაზაზე გზის საფუძვლის რეციკლირებისა და სტაბილიზაციის ინოვაციურ მიდგომებზე.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს