გლობალურმა „სატარიფო ომმა“ შესაძლოა, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს მეტი შესაძლებლობა მისცეს - ამის შესახებ COSCO SHIPPING LINES-ში აცხადებენ.
როგორც კომპანიის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, დაწესებული მაღალი საიმპორტო ტარიფების ფონზე, მოლოდინია, რომ აშშ და ჩინეთი ვაჭრობისთვის ალტერნატიული ბაზრების ძიებას დაიწყებენ, რაც მათ შორის, შესაძლოა, კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონი იყოს.
გივი ჩაჩანიძე მიიჩნევს, რომ ამ ფონზე საქართველოსთვის მეტი ტვირთის მოზიდვის შესაძლებლობა ჩნდება.
„რა თქმა უნდა, გლობალურად ტარიფებმა, შესაძლოა, დიდი პრობლემები გამოიწვიოს. თუმცა ჩვენს რეგიონს რაც შეეხება, საქართველოს და ზოგადად კავკასიას და შუა აზიასაც, მგონია, რომ ეს სატარიფო ომი უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს. აშშ-დან ძალიან ბევრ პროდუქციას ვყიდულობთ, ძირითადად მანქანებს და იმ ქვეყნების სიაში მოვიაზრებით, რომელსაც აშშ-სთან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს. მე უფრო მგონია, რომ ეს გლობალური სატარიფო ომი, რომელიც დიდ ქვეყნებს შორის ხდება, შესაძლებლობას მეტ მოგვცემს. ეს დროებითი იქნება, თუმცა ამ დროებით მომენტშიც შეიძლება, შევძლოთ, რომ მეტი ტვირთი მოვიზიდოთ და მოგება მივიღოთ.
აშშ-მა ჩინეთის წინააღმდეგ 145%-იანი ტარიფი დააწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთმა ალტერნატიული ბაზრების ძებნა უნდა დაიწყოს. ერთ-ერთი ალტერნატიული ბაზარი ჩვენც აუცილებლად ვიქნებით. ჩვენი პორტები არამარტო საქართველოს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც ემსახურება, მათ შორის, სომხეთს და აზერბაიჯანს, ასევე ცენტრალურ აზიას. ამასთან, ჩინეთმა უკვე დააწესა აშშ-სთვის მაღალი ტარიფები და ანალოგიურად, აშშ-მაც უნდა იპოვოს ახალი ბაზრები, სადაც ჩვენც მოვიაზრებით. ორივე შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება უფრო პოზიტიური გამოვნახოთ, ვიდრე ნეგატიური“, - განაცხადა გივი ჩაჩანიძემ.
ცნობისთვის, აშშ-მა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 145%-მდე გაზარდა. კერძოდ, ტრამპის მიერ დაწესებული 125%-იანი ტარიფი მანამდე არსებულ 20%-იან გადასახადს დაემატა. ჩინეთმა კი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "საპასუხო" ტარიფების საწინააღმდეგოდ, აშშ-დან იმპორტზე გადასახადი 84%-დან 125%-მდე გაზარდა.
წყარო: bm.ge