„ევროდეპუტატები ითხოვენ შეჩერდეს ყველა პროექტი, განსაკუთრებით ეს ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს,“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.
„გარდა იმისა, რომ 121 მილიონი დოლარის დახმარება შეჩერდა, რომელიც მთავრობას უნდა მიეღო, ევროდეპუტატები ითხოვენ შეჩერდეს ყველა პროექტი. განსაკუთრებით ეს ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კაბელების და ა.შ. საქართველოს აქვს გეოგრაფიული მდებარეობა და სურვილი იყოს დამაკავშირებელი ხაზი ევროპასა და აზიას შორის. იცით რომ, გზები რომელიც შენდება, არის სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული, რადგან საქართველო დამაკავშირებელი რგოლია. ითხოვენ ამის გადახედვას და ყველა პროექტის გაჩერებას.
გარკვევით წერია, რომ საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა იყოს საქართველოს დემოკრატიულობაზე დამყარებული. თუ საქართველო დემოკრატიული არ არის, ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და მოსახლეობას უმოწყალოდ სცემს, იჭერს და რეპრესიულ პოლიტიკას ეწევა, მაშინ ჩვენ მათთან აუცილებლობის პარტნიორობაც არ გვინდაო“, - განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, დღეს ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტს - „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” უყრის კენჭს. რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია, ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფიდან - "ევროპის სახალხო პარტიის", "სოციალ-დემოკრატების" "კონსერვატორებისა და რეფორმისტების" , "განახლების" და "მწვანეების". კენჭისყრა თბილისის დროით 15:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი