საქართველოს მთავრობა ყინულის მოედნის ასაშენებლად 50 მილიონიან ტენდერს ხელმეორედ აცხადებს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 12 სექტემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 11 ოქტომბერს დაიწყება და 16 ოქტომბერს დასრულდება.
ზაფხულში გამოცხადებულ ტენდერზე შეთავაზება შემდეგი სამი კომპანიისგან იქნა მიღებული: ბრიტანია ქონსთრაქშენ-ი, რომელიც პროექტის განხორციელებას 49 მილიონად სთავაზობდა, ამხანაგობა დაგი-ზლატოგრაფ და ამხანაგობა აის პროფეშენალს ენდ პარტნერს, რომელთა შეთავაზება 46 მილიონი იყო. თუმცა როგორც შესყიდვების სააგენტოს საიტიდან ხდება ცნობილი, სამივე კომპანიამ დისკვალიფიკაცია განიცადა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ობიექტი დიდ დიღომში აშენდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 000 000 ლარია და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ინფრასტრუქტურული ობიექტი დამკვეთს 2024 წლის 30 ნოემბრამდე უნდა ჩააბაროს.
ტენდერის თანდართულ ფაილებში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთის ტერიტორიის საერთო ფართი შეადგენს 16,112 კვ.მ-ს.
ყინულის სასახლე უნდა წარმოადგენდეს ერთიანი არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურას; ·
ყინულის სასახლე უნდა შედგებოდეს ორი დამოუკილდებელი სპოტული მოედნისგან: ერთი ძირითადი და ერთი სავარჯიშო მოედნით; მოედნის გაბარიტული ზომა - სიგრძე 60 მეტრი, სიგანე 30 მეტრი. მაყურებლების რაოდენობა, ძირითად მოედანზე - 1500, მეორე მოედანზე 150-200;
ორივე მოედნისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს, თვისობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ერთიანი საინჟინრო, საკომუნიკაციო, მართვის და უსაფრთხოების სისტემა, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი;
საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს პარკინგის ოთხი სივრცე, პირველი ვიზიტორთათვის რომელიც შესაბამისობაში იქნება სტანდარტებით გათვალისწინებულ ვიზიტორთა რაოდენობასთან (არანაკლებ 200 ერთეულზე), მეორე ადმინისტრაციული; მესამე VIP და მეოთხე შესაბამისი ღონისძიების წარმომადგენლობა გუნდები და კლუბები; პარკირების ოთხივე სეგმენტს უნდა გააჩნდეს დაშვების ავტონომიური სისტემები (ტურნიკეტები შლაგმაუმები და ა.შ.);
პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის გამწვანება, სარწყავი სისტემები, დაშვების სისტემები, სამეთვალყურეო სისტემები, ტერიტორიის შემოღობვის და ტერიტორიის განათების მოწყობის სამუშაოები;
საგარანტიო ვადა: სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული წელი; საგარანტიო ვადის პერიოდში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%.