საქართველოს მთავრობა ყინულის მოედნის ასაშენებლად 50 მილიონის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 26 ივნისს გამოაცხადა წინადადებების მიღება კი 23 ივლისს დაიწყება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სტადიონი დიდ დიღომში აშენდება და ის 60/30 მეტრზე ორ მოედანს გააერთიანებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 000 000 ლარია და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ინფრასტრუქტურული ობიექტი დამკვეთს 2024 წლის 30 ნოემბრამდე უნდა ჩააბაროს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 16,112 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე ყინულის სასახლის შენობის მშენებლობისათვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს და შეათანხმოს ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოსთან (საჭიროების შემთხვევაში განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება და დამტკიცება). შემდგომ კი ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოები განახორციელოს.
ტენდერის თანდართულ ფაილებში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 16 122 კვადრატულ მეტრს შეადგენს. შემუშავებული პროექტი კი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
- ყინულის სასახლე უნდა წარმოადგენდეს ერთიანი არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურას
- ყინულის სასახლე უნდა შედგებოდეს ორი დამოუკიდებელი სპორტული მოედნისგან: ერთი ძირითადი და ერთი სავარჯიშო მოედნით.
- ორივე მოედნისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს, თვისობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ერთიანი საინჟინრო, საკომუნიკაციო, მართვის და უსაფრთხოების სისტემა, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი.
- საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს პარკინგის ოთხი სივრცე. პირველი – შესაბამისობაში იქნება სტანდარტებით გათვალისწინებულ ვიზიტორთა რაოდენობასთან (არანაკლებ 200 ერთეულზე), მეორე ადმინისტრაციული; მესამე VIP და მეოთხე შესაბამისი ღონისძიების წარმომადგენლობა გუნდები და კლუბები; პარკირების ოთხივე სეგმენტს უნდა გააჩნდეს დაშვების ავტონომიური სისტემები (ტურნიკეტები შლაგმაუმები და ა.შ.);
- პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის გამწვანება, სარწყავი სისტემები, დაშვების სისტემები, სამეთვალყურეო სისტემები, ტერიტორიის შემოღობვის და ტერიტორიის განათების მოწყობის სამუშაოები.