დემონტაჟის შემდეგ თბილისში მიწისზედა გადასასვლელ ლითონის ხიდებს ისევ აშენებენ. 5 გადასასვლელი უკვე აშენდა, ამ ეტაპზე 4-ის მშენებლობა მიმდინარეობს და მომდევნო ორ წელიწადში დამატებითი 7 აშენდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გადასასვლელი ხიდები გარკვეულ მონაკვეთებში საჭიროა, მაგრამ ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქვეითთა ნაწილი არ სარგებლობს მათთვის განკუთვნილი გადასასვლელებით, ამიტომ კონტროლიც უნდა იყოს შესაბამისი.
დედაქალაქის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი 2019 წელს დაიწყო. როგორც მაშინ თბილისის მერიაში ითქვა, პრიორიტეტი იყო ქვეითთა კომფორტული გადაადგილება ხიდების და მიწისქვეშა გადასასვლელების გარეშე, რა მიზნითაც 20 ადგილას ლითონის ხიდის დემონტაჟი და ზებრა გადასასვლელების მოწყობა იგეგმებოდა. ჯამში ბიუჯეტიდან კონსტრუქციების აღებისთვის გამოყოფილი იყო 307 805 ლარი.
2019 წლიდან დღემდე 23 ხიდის დემონტაჟი განხორციელდა, თუმცა მიუხედავად დემონტაჟისა, ამ ტიპის ხიდების მშენებლობა დღეს ისევ გრძელდება. ასე მაგალითად, 5 ლითონის გადასასვლელი ხიდი უკვე აშენდა, 4-ის მშენებლობა კი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. 2025-2026 წლებში 7 ახალი ლითონის გადასასვლელი ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი.
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ იმ შემთხვევებზე ისაუბრა, სადაც მიწისზედა გადასასვლელი ხიდის მშენებლობა მიზანშეწონილია.
'გააჩნია თბილისის რომელ არეალში აშენდა ან მომავალში აშენდება, რადგან თუ იმ ადგილას მაღალსიჩქარიანი სამოძრაო ზოლებია, 60 კმ/სთ და ზევით, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად არის რეკომენდებული, რომ გადასასვლელი ხიდი აშენდეს, თუმცა თუ ურბანული ტიპის გზებზეა საუბარი, სადაც 40-50 კმ/სთ-ია სიჩქარე, იქ შეიძლება არც აშენდეს ლითონის ხიდი და მხოლოდ შუქნიშნით და ზებრა გადასასვლელით მოხერხდეს მოძრაობის რეგულირება.
მაღალსიჩქარიან გზებზე იყენებენ გადასასვლელ ხიდებს, რომ მანქანების გამტარუნარიანობა არ შემცირდეს. მაგალითად, ასეთია თბილისის შემოსასვლელთან აშენებული გადასასვლელი მიწისზედა ხიდი და ა.შ. აქ და ასეთ მსგავს ადგილებში მიზანშეწონილია, მაგრამ ქალაქის ცენტრში და იქ, სადაც ნაკადი ნელა მოძრაობს, არ არის მიზანშეწონილი და სჯობს ზებრაზე ან შუქნიშანზე გადაადგილების საშუალება მივცეთ ქვეითებს.
რაც შეეხება კონტროლს, რა თქმა უნდა, ფეხით მოსარულეების პრობლემა არსებობს და კონტროლიც უნდა იყოს. ბოლო პერიოდში საპატრულო პოლიცია, ამ მხრივ, არ აჯარიმებს ქვეითებს.
ადრე, რამდენიმე წლის წინ ფეხით მოსიარულეებს აჩერებდნენ და აჩვენებდნენ სხვადასხვა კადრებს, მიჰყავდათ სპეციალურ ადგილზე, თუ როგორი შემთხვევა ხდება ქვეითთა დაუდევრობით, მაგრამ დღესდღეობით ესეც არ ხდება. რა თქმა უნდა არღვევენ წესებს ფეხით მოსიარულეები უამრავ ადგილას, ამიტომ აღსრულებაც შესაბამისი უნდა იყოს”, - განუცხადა "რეზონანსს” იზორიამ.
ლითონის გადასასვლელი ხიდების საჭიროებაზე მიუთითებენ სხვა ექსპერტებიც, თუმცა როგორც საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა განაცხადა, ხიდები დედაქალაქში ახლაც შემორჩენილია, მაგრამ მოქალაქეების ნაწილი მას არ იყენებს და იქვე გზაზე გადადის.
"თუ სწორად მახსოვს, დემონტაჟის დროს იყო საუბრობდნენ კონსტრუქციის ხარისხზე. ახლა ხიდები თითქოს ისეთივეა, მაგრამ უფრო მეტად ფართოა. შესაბამის ადგილებში ხიდების აუცილებელია.
თითქმის ყველგან ქვეითი არის უპირატესი, მაგრამ არის ისეთი ადგილები, სადაც არ შეიძლება გზაზე გადასვლა, რადგან შეიძლება მოხდეს მძიმე შემთხვევა. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი არის აეროპორტის გზა. ამ ტერიტორიაზე არის გადასასვლელი ხიდი, მაგრამ მოქალაქეების ნაწილი მაინც არ სარგებლობს და გზაზე გადადის. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ერთი შემთხვევაც ნიშნავს, რომ რისკის ქვეშ აყენებს თავის თავს და შემდეგ მძღოლს.
ევროპასა და ამერიკაში ბავშვობიდანვე ასწავლიან გზაზე გადასვლის წესებს. ასეთი რამ ჩვენთანაც თუ დაინერგება, ძალიან კარგი იქნება, რადგან როდესაც ადამიანი ადრეული ასაკიდან ეჩვევა წესრიგს, შემდეგ იცავს კიდეც.
მხოლოდ ქვეითის პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი. ხშირია შემთხვევა, როდესაც მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობს ისეთ ადგილას, სადაც არ არის დაშვებული. ამ შემთხვევაში ადამიანი ხომ თავის თავსაც საფრთხეს უქმნის და ავტომობილში მყოფ პირებსაც?! ყველამ თავისი პასუხისმგებლობა რომ გაითავისოს, ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება”, - აღნიშნა დარბაისელმა "რეზონანსთან”.
აუცილებელია, რომ მიწისზედა გადასასვლელი ხიდები ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებსა და ბავშვზე, რომელთა გადაადგილებაც საბავშვო ეტლით ხდება. "ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე ამის პარალელურად ხაზს უსვამს ქვეითთა გადაადგილების კონტროლის აუცილებლობასაც.
„თუ ქვეითები არ იყენებენ ამ ხიდებსა და შუქნიშნებს და მაინც სხვა ადგილას გადადიან, მაშინ ისმის კითხვა, ამ ყველაფერს რა აზრი აქვს? ყველა უნდა გადაადგილდეს ქალაქში შეუფერხებლად, რადგან ქალაქი არის როგორც ავტომობილის მძღოლებისთვის, ასევე ქვეითებისთვის, მაგრამ არ უნდა მოხდეს მანქანების ტროტუარზე გადაადგილება და არც ქვეითების მხრიდან მოძრაობის წესების დარღვევა.
თუ ამ ხიდს არავინ გამოიყენებს, გამოვა, რომ ტყუილად დაიხარჯა ბიუჯეტიდან თანხა. მიწისზედა გადასასვლელების მონტაჟის პარალელურად უნდა მოხდეს კონტროლი და როგორც ავტომობილის მძღოლები ჯარიმდებიან, ასევე იმ ქვეითების დაჯარიმებაც, ვინც საფრთხეს უქმნის საავტომობილო მოძრაობას, საკუთარი თავისა და სხვის სიცოცხლეს.
ყოველდღიურად უამრავი ქვეითი არღვევს მოძრაობის წესებს. გადადიან არა შუქნიშანზე, არამედ სადაც მოესურვებათ და უქმნიან საფრთხეს საკუთარ თავსაც და სხვასაც. ამის კონტროლი არსად ხდება. თუ არ იქნება დარღვევების იდენტიფიცირება და არ მოხდება კანონის აღსრულება, მხოლოდ შუქნიშნების და ხიდების გაკეთება ვერ უშველის იმას, რომ ქვეითი გადავიდეს კონკრეტულ ადგილას. მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ საავტომობილო გზაზე ქვეითები არ უნდა გადაადგილდებოდეს“, - განაცხადა "ბიზნესპრესნიუსთან” გიორგი ჯაფარიძემ.