ჭიათურაში 2022 წლიდან 20 კმ-მდე მარტივი კატეგორიის საფეხმავლო ბილიკია მარკირებული - ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ჭიათურის მუნიციპალიტეში, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა 2022 წლიდან დაიწყო.

„დღემდე მონიშნულია 20 კმ-მდე მარტივი კატეგორიის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტში შემავალ კულტურულ-ისტორიულ და ბუნებრივ სანახაობებს.

ბილიკები ერთმანეთთან აკავშირებს სოფელ ნავარძეთსა და სოფელ კაცხს, კაცხის სვეტის პანორამულ და წრიულ ბილიკს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს“, - წერია პრესრელიზში.

უწყებამ მარკირებული საფეხმავლო ბილიკები და ტურისტული ადგილების გასაცნობად ჭიათურაში მედიატური მოაწყო, რომელშიც GNTA-ის ინფორმაციით, ჟურნალისტები, ბლოგერები და ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ.

„მედიის წარმომადგენლები გაეცნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნულ და განახლებულ ბილიკებს- მათ შორის კაცხის სვეტის პანორამულ მარშრუტს, ნავარძეთის ბილიკს, ახლად შექმნილ კლდეზე ცოცვის კლუბსა და სხვა ახალ ტურისტულ ობიექტებს“, - აღნიშნულია პრესრელიზში.