მთავრობამ ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო.

დადგენილებით განისაზღვრა ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის დონეები, კრიზისული მდგომარეობის დონეების გამოცხადებაზე/მართვაზე უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციები და მოთხოვნები ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვისას.

ამავდროულად, დაზუსტებულია ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები:

1. „ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის გამოცხადების წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია კრიზისული მდგომარეობის დონეების განსაზღვრის, მართვის, გამოცხადების წესისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებისა და კრიზისული მდგომარეობის მართვასთან დაკავშირებული სხვა სუბიექტების ფუნქციებისა და ვალდებულებების დადგენა.

2. ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები:

ა) გაუმართლებლად არ უნდა ზღუდავდეს ბუნებრივი გაზის ნაკადებს ბუნებრივი გაზის შიდა ბაზარზე;

ბ) უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, შემოწმებადი, გამჭვირვალე, პროპორციული, არადისკრიმინაციული და, შესაძლებლობის ფარგლებში, არ უნდა ზღუდავდეს კონკურენციას ან გაზის ერთიანი ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას;

გ) მნიშვნელოვან საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბუნებრივი გაზის მიწოდებას ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარის ტერიტორიაზე;

დ) თუ ტექნიკურად და უსაფრთხოდ შესაძლებელია, ასევე უნდა შეეხებოდეს ინფრასტრუქტურაზე ტრანსსასაზღვრო დაშვებას ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმის (შემდგომში − საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა) შესაბამისად.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომისიასა და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის შესაბამისად, ახორციელებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ წესების განხორციელებისას თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა (შემდგომში − სამდივნო) და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებთან.

ვრცლად ბიზნესპრესნიუსზე