ბათუმში  რუსთაველის ქუჩა ნაწილობრივ ჩაკეტილია. აქ ფილაქანი აყარეს და ასფალტს აგებენ. პარალელურად ბორდიურებს აწყობენ და ტროტუარებზე ფილებს აგებენ.

ქუჩის იმ მონაკვეთებში, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, პერიოდულად სამშენებლო მტვრის ბუღი დგას, რადგან ადგილზე ჭრიან ფილებს, რომლებითაც ბორდიურებს აწყობენ. სამშენებლო მასალების შუა ქუჩაში წესების დარღვევით დაჭრა-დამუშავება ბათუმში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა.

იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე [ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი] სამმართველოს ტენდერი 12 906 207 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

შესყიდვების პორტალის მიხედვით გამარჯვებულია კომპანია „ბონდი-2009“, რომელთანაც ხელშეკრულება 12 518 999 ლარზეა გაფორმებული 2025 წლის 4 თებერვალს. ხელშეკრულება შესყიდვების პორტალზე 10 თებერვალს გამოქვეყნდა. სწორედ ეს კომპანია აწარმოებს სამუშაოებს რუსთაველის ქუჩაზე 2025 წლის 10 თებერვლიდან.

სატენდერო დოკუმენტებით კომპანიამ სამუშაოები წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით უნდა აწარმოოს, პროექტის დასრულების საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 10 იანვარი.

როდის დასრულდება სამუშაოები რუსთაველის ქუჩაზე [თავდადებულისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში]? – ამ კითხვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან „ბათუმელებმა“ პასუხი ვერ მიიღო. კომპანია „ბონდი-2009“-ში კი გვითხრეს, რომ სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან მაქსიმუმ 15 ივნისამდე პერიოდში დასრულდება და გზის ეს მონაკვეთი გაიხსნება. 

ზაფხულის სეზონის ოფიციალურად გახსნამდე მიმდინარე სამუშაოები დასრულდება და შემდეგ სამუშაოები შეჩერდება ოქტომბრამდე. ოქტომბრის თვიდან კი რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის [თავდადებულიდან გოგებაშვილამდე] და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყება, რომელიც მომავალი წლის 10 იანვრამდე უნდა დასრულდეს.“ – გვითხრეს კომპანიაში.

მეორე ტენდერი 9 415 400 ლარითაა გამოცხადებული იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე [ამ შემთხვევაში პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში]. გამარჯვებულია შპს „გზა“.

ამ დროისთვის რუსთაველზე სამუშაოები მიმდინარეობს მელიქიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის მონაკვეთში. აქაც, „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამუშაოები 2025 წლის მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

წყარო: "ბათუმელები"