ბათუმი-სარფის შემოვლითი გზის პროექტით უპრეცედენტოდ დიდია საერთაშორისო კომპანიების დაინტერესება, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მისივე განმარტებით, დაახლოებით 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობით რამდენიმე ათეული საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული.
„ჩვენ არ გვახსოვს ასეთი დაინტერესება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი საერთაშორისო კომპანიებისთვის, მათ აქვთ სურვილი ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის, ჩვენს ქვეყანაში საქმის კეთების“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, საუკეთესო კომპანია გამოვლინდება და უახლოეს პერიოდში სამუშაოები დაიწყება.
გარდა ამისა, რევაზ სოხაძის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ადგილობრივი კომპანიების გაძლიერება.
„ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ისაა, რომ გამართული ინფრასტრუქტურა შევქმნათ, ასევე მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბება, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი დასტურია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქტიურად იყვნენ [ადგილობრივი კომპანიები] ჩართული რთულ საერთაშორისო პროექტებში“, - განმარტა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.