ბაქოსთან ყოველდღიური სარკინიგზო კავშირის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენმა მოსახლეობამ სერვისით სრულფასოვნად ისარგებლოს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, ბაქოსა და თბილისს შორის 6 წლიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.

„გუშინ ნამდვილად ისტორიული დღე გვქონდა - უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს და შესაბამისად, ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა იმოგზაურონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მატარებლებით. ყოველდღიურად ბაქო-თბილისის მიმართულებით შესრულდება რეისები, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ხალხთაშორისი კავშირის, ასევე ტურიზმის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს