ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენა დაჩქარებული ტემპით გრძელდება. „ვესტნიკ კავკაზას“ ცნობით, აზერბაიჯანის რკინიგზა ამჟამად სომხეთის საზღვრიდან ორდუბადის მიმართულებით, ზარანისა და სალამმელიკის სადგურებს შორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე მუშაობს.

პროექტი 194 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციას, 10 სადგურისა და სამი სამგზავრო პლატფორმის განახლებას, ასევე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობასა და აღდგენას ითვალისწინებს. აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენლების განცხადებით, ზანგეზურის დერეფანში მოძრაობის აღდგენის შემდეგ ნახიჩევანში სარკინიგზო ქსელის განახლება უმოკლეს ვადაში უნდა დასრულდეს.

პარალელურად, სომხეთი ნახიჩევანის საზღვართან რკინიგზის აღდგენასა და კაპანისა და მეგრის მიმართულებით სარკინიგზო კავშირის განვითარებას განიხილავს. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რკინიგზა მნიშვნელოვანია როგორც სატრანსპორტო გადატვირთულობის შესამცირებლად, ისე სიუნიქის რეგიონში სამთო-გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობისთვის.

ამასთან, სომხეთის მთავრობამ რუსეთის რკინიგზასთან საკონცესიო ხელშეკრულების პირობების განხილვის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა. სომხეთის სარკინიგზო ქსელს 2008 წლიდან რუსეთის რკინიგზის შვილობილი კომპანია, „სამხრეთკავკასიური რკინიგზა“, 30-წლიანი ხელშეკრულებით მართავს. ფაშინიანი ხელშეკრულების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს და ინფრასტრუქტურის მდგომარეობას ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს.