„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ხელმძღვანელობამ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაშიც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი შედიოდნენ.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი ქრისტიან რიოდერი და კომერციული დირექტორი იენ როლინსონი უძღვებოდნენ, ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმდინარე ოპერაციები, სტრატეგიული სატვირთო მარშრუტები და პორტის გაფართოების გეგმები განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს ნავსადგურის გამტარუნარიანობის გაზრდის პერსპექტივებზე, რაც მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში ფოთის, როგორც მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარებას და მის მზარდ მნიშვნელობას აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობის პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოს როლს სატრანზიტო ნაკადების უზრუნველყოფაში და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას რეგიონში უსაფრთხო, ეფექტიანი და მდგრადი სავაჭრო კავშირების დასამყარებლად.