თბილისში მიწა დეფიციტური გახდა - ამის შესახებ ვკითხულობთ არაერთი კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშებში. აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს სამშენებლო, დეველოპერული და უძრავი ქონების ბიზნესებიც.
საინტერესოა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ახალი პროექტების მშენებლობამ ქალაქგარე ტერიტორიებზე გადაინაცვლოს?
„არსის“ დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, რომ განაშენიანება უნდა გავიდეს ქალაქგარე ტერიტორიებზე.
როგორც მანვე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში მიწები ახალი პროექტებისთვის პრაქტიკულად აღარ არის, თბილისში დიდი რაოდენობის ავარიული და ექსპლუატაცია ამოწურული შენობებია. მისი თქმით, რაღაც ეტაპზე აღნიშნული შენობების ჩანაცვლება იქნება საჭირო და ტერიტორიები, სადაც ავარიული შენობებია, სამომავლოდ ახალი პროექტებისთვის გამოთავისუფლდება.
„მიწა დეფიციტურია, რაც მეტი შენდება მით უფრო ნაკლები პოტენციალი რჩება კონკრეტულ ადგილებზე, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისში არის მრავლად ე.წ ბრაუნფილდი, სადაც მაგალითად საბჭოთა პერიოდში იყო პირობითად საწარმოო ქარხანა და დღეს ის უკვე გაჩერებული, მიტოვებულია და მიმზიდველია საცხოვრებლად, რადგან ქალაქი გაიზარდა და იმ კონკრეტულ ადგილზე საწარმოს არსებობა ვეღარ განიხილება. ასევე, კონკრეტულ მომენტში ჩანაცვლდება ე.წ. ხრუშჩოვკები, ავარიული და ექსპლუატაციის ვადა ამოწურული შენობები - ეს შენობებიც სამომავლოდ პოტენციური განაშენიანების არეალებად შეიძლება ჩავთვალოთ.
ასევე საკმაოდ დიდი ავარიული ფონდი არსებობს დედაქალაქში, არის სახლები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და სამომავლოდ უნდა ჩანაცვლდეს. შესაბამისად, განაშენიანების პოტენციალი ქალაქს ისევ გააჩნია. თუმცა, გრძელვადიან განვითარების კუთხით ჩვენი კომპანიის ხედვაც ის არის, რომ ნელ-ნელა ქალაქიდან უნდა გავიდეს პროექტები, რასაკვირველია მშენებლობები იქნება ქალაქშიც, მაგრამ ქალაქი უნდა გაიზარდოს და განვითარდეს და არ უნდა მოხდეს ერთ ლოკაციასაც და ცენტრში განაშენიანება,“ - განუცხადა BPN-ს ბესო ორთოიძემ.