ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პროექტის ფარგლებში 2027 წელს 250 მლნ ლარის ათვისებაა დაგეგმილი.

მთლიანობაში, პროექტის განხორციელებისთვის 890 მლნ ლარია გათვალისწინებული,- ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიაშია აღნიშნული.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2028 წელს პროექტზე ასევე 250 მლნ ლარი დაიხარჯება, 2029 წელს — 160 მლნ ლარი, ხოლო 2030 წელს — 230 მლნ ლარი. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოს სარკინიგზო ქსელის ეფექტიანობისა და კლიმატური მედეგობის გაუმჯობესება, ასევე მისი ფინანსური მდგრადობის გაძლიერებაა.

გეგმის მიხედვით, საქართველოს რკინიგზისთვის 45 ახალი მაგისტრალური მუდმივი დენის სატვირთო ელმავლისა და 10 თანამედროვე სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენაა გათვალისწინებული. პარალელურად, დაგეგმილია ელექტროქვესადგურის მშენებლობაც.

სამგზავრო მატარებლების ეტაპობრივი მოწოდება და ელექტროქვესადგურის მშენებლობა 2027 წლიდან უნდა დაიწყოს, ხოლო 2028 წლიდან საქართველოში ახალი სატვირთო ელმავლების ეტაპობრივი შემოყვანაა დაგეგმილი.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 45 ახალი სატვირთო ელმავლის შეძენა საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ოპერაციების საიმედოობის გაუმჯობესებასა და ხარჯების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ლოკომოტივების პარკის განახლება, რაც, დოკუმენტის მიხედვით, ტვირთბრუნვისა და ტექნიკური მზადყოფნის ზრდას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება სამგზავრო მიმართულებას, 10 ახალი ელექტრომატარებლის შეძენის მიზანი მომსახურების ხარისხის, უსაფრთხოების, საიმედოობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა. ახალი შემადგენლობების დამატებამ, პროექტის ავტორების შეფასებით, სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის დეფიციტიც უნდა შეამციროს.

ცვლილებები შეეხება, მათ შორის, თბილისი–ბათუმის, თბილისი–ფოთის, თბილისი–ზუგდიდისა და თბილისი–ქუთაისის მიმართულებებს. პროექტის ფარგლებში მომსახურების სიხშირის გაზრდა, მგზავრთა კომფორტის გაუმჯობესება და სამგზავრო სერვისების სტანდარტების ამაღლებაა დაგეგმილი.

ამასთან, ელექტროქვესადგურის მშენებლობა რკინიგზისთვის მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის შესაბამის წევის ენერგიად გარდაქმნას უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურა ასევე ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებასა და ახალი ელმავლების შეუფერხებელ ექსპლუატაციას.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მხოლოდ პირველადი ვერსიაა გამოქვეყნებული. შესაბამისად, საბოლოო დამტკიცებამდე დოკუმენტში ცვლილებებისა და კორექტირების შეტანა შესაძლებელია.