გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ხაზიურმა, 2025 წლის სარწყავი სეზონის დაწყების აღსანიშნად, სიმბოლურად, ლაკბეს რეაბილიტირებული წყალსაცავის წყალგამშვები ურდული გახსნეს.
სარწყავ სისტემაში წყლის გაშვების პროცესს ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში მელიორაციის როლზე ისაუბრა.
„მელიორაციის და მიწის მართვის გაუმჯობესებას გადამწყვეტი როლი ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებაში. სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ლაკბეს წყალსაცავი მნიშვნელოვანი ახალი ობიექტია, რომელიც წარმატებით მიაწვდის ფერმერებს წყალს“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.
გიგლა თამაზაშვილმა ადგილობრივებთან რეგიონის განვითარებისთვის სამელიორაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„სოფლის მეურნეობის განვითარება მელიორაციის გარეშე შეუძლებელია. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ამ მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ, რითაც საშუალებას ვაძლევთ ფერმერებსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, აწარმოონ ხარისხიანი, მაღალი ღირებულების პროდუქცია. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ლაკბეს წყალსაცავის რეაბილიტაცია რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით განხორციელდა. ჩატარებული სამუშაოები წყალსაცავის გამართულად ფუნქციონირებასა და ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლების დამატებით კვებას უზრუნველყოფს. შედეგად, 1465 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს