ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აუზები, განსაკუთრებით კი ღია ტიპის საცურაო აუზები გამორჩეულად დატვირთულია, თუმცა წლევანდელ სეზონზე ცვალებადმა ამინდებმა მოთხოვნა საგრძნობლად შეამცირა.
დიდი დიღმის ოლიმპიური აუზის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ღია აუზისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კლიმატური პირობები პირდაპირ აისახება ვიზიტორების რაოდენობაზე, წელს აუზს უფრო ნაკლები ადამიანი სტუმრობს, ვიდრე გასულ წელს.
როგორც მარიანა მაჭარაძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში ამბობს, მენეჯმენტმა მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით, აუზით სარგებლობის საფასური იგივე დატოვა, რაც გასულ წლებში იყო.
ოლიმპიურ აუზზე , რომელიც დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს, ერთჯერადი ულიმიტო სტუმრობა 50 ლარი ღირს, თუ აუზს შაბათ- კვირას ესტუმრებით და მისი გამოყენება ულიმიტო დროით გსურთ 55 ლარის გადახდა მოგიწევთ. FitPass ბარათის მფლობელებისთვის კი ოლიმპიურ აუზზე განსაკუთრებული პირობებია.
"ზოგადად ოლიმპიურ აუზს რაც შეეხება მომართვიანობა ყოველთვის მაღალია, ჩვენ ზაფხულის პერიოდში ვიხსნებით და სეზონურად ვმუშაობთ; შესაბამისად როგორც კი სეზონი იწყება, მომართვიანობა მაშინვე იზრდება. წინა წლებს თუ შევადარებთ, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ მხოლოდ ღია აუზი გვაქვს, მომართვიანობა შედარებით დაბალია, რაც ცუდ ამინდთან არის დაკავშირებული. ჩვენს ბიზნესში ამინდის პროგნოზი მიმართვიანობაზე ყოველთვის აისახება, როგორც კი დათბება და მზე გამოვა, შაბათ-კვირა იქნება თუ სამუშაო დღეები, მომართვიანობა იზრდება. ამ პერიოდში ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ კარგი ზაფხული გვაქვს.
კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, წელს ფასები იგივე დარჩა და ცვლილება არ შესულა, არც ერთჯერად ვიზიტებში და არც აბონიმენტებში",- აღნიშნა მარიანა მაჭარაძემ.