საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვები გაიზარდა, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობამ კი მხოლოდ 2024 წელს 3 604 შეადგინა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს გაცემულია 12 080 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.1 პროცენტით მეტი) 12 040.4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 28.4 პროცენტით მეტი) შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ნებართვების 73.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.8 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.0 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2024 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 245.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტით ნაკლები) 3 604 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.3 პროცენტით მეტი).

აღსანიშნავია, რომ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 36.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.7 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 7.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.