„2017 წლიდან მოყოლებული თბილისის მოსახლეობა გვერდში გვიდგას, გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა.
კახა კალაძემ, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა მმართველ პარტიასა და პრემიერ-მინისტრს ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების დროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
„ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ წარვდგე ანგარიშით თქვენს წინაშე და კიდევ ერთხელ ჩავაბარო ანგარიში დედაქალაქის მოსახლეობას, თუ რისი გაკეთება შევძელით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
დღეს, ჩვენ კონკრეტულ პროექტებს, ციფრებს, სტატისტიკას წარმოგიდგენთ, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია ასახო პრეზენტაციაში ის თავდაუზოგავი შრომა, უამრავი გათენებული ღამე, რაც კონკრეტულ პროექტებს უკავშირდება. ასევე, შეუძლებელია ასახო ის მადლიერება, რაც მოდის საზოგადოების მხრიდან. ხალხი ხედავს რა კეთდება დედაქალაქში. ძალიან მაგარია, როდესაც ხვდები ადამიანებს და ისინი მადლიერებას გამოხატავენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მიმართ. მადლობა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის, რადგან 2017 წლიდან მოყოლებული ისინი გვერდში გვიდგანან, გვენდობიან და ჩვენთან ერთად გადიან ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს. ამ მასშტაბის სამუშაოებს თან ახლავს ძალიან დიდი დისკომფორტი, ხმაური, მტვერი, იქმნება გადაადგილების პრობლემა, მაგრამ მოსახლეობა ყველანაირად გვერდით გვიდგას, გვეხმარება და ამისთვის დიდი მადლობა თბილისელებს. შედეგი, რომელსაც ვიღებთ, მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის.
ასევე, მადლობა თბილისის მერიის ყველა თანამშრომელს, ვინც წლების განმავლობაში ჩართული იყო ასეთი სასიკეთო პროექტების განხორციელებაში. მადლობა იმ პატიოსან კონტრაქტორ კომპანიებს, ვინც ამ სამუშაოებს ახორციელებდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ პრეზენტაციას, დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა გზების მოწყობა-რეაბილიტაციას და აღნიშნა, რომ 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები.
„ჩვენ ამ პრობლემების არ გვეშინია, რადგან ზურგს გვიმაგრებს ძალიან დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია და პრემიერ-მინისტრი ცენტრალურ მთავრობასთან ერთად.
ჩვენი მიდგომა 2017 წლიდან არის ასეთი: სადაც საგზაო სამუშაოებს ვიწყებთ, იქ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. სამწუხაროდ, ბევრ რაიონში ამორტიზებულია ეს ყველაფერი და კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომაც ჯერ ამ ნაწილს ვანახლებთ და შემდეგ ვაწყობთ საგზაო ინფრასტრუქტურას, რომ ამ პროექტებმა ათეულ წლებს გაუძლოს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქში რამდენიმე ესტაკადა ავაშენეთ, საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები განვაახლეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, ფედრების გამაგრებას ეხება.
„წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა ავარიული შენობების გამაგრებისთვის. ჩვენ დავიწყეთ მსგავსი ტიპის სახლების ჩანაცვლების პროგრამაც. დედაქალაქში 10 000-მდე ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ასევე, გვაქვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. ერთ კორპუსში მცხოვრებნი ქმნიან ამხანაგობას და იყენებენ მუნიციპალიტეტში არსებულ პროგრამებს. ჩვენ ვაფინანსებთ და ვეხმარებით თუნდაც ლიფტის გამოცვლაში, სახურავის შეკეთებაში, ეზოს მოწესრიგებაში და ა.შ.
ასევე, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა კულტურული-მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. თბილისს რაც გააჩნია ამ ძეგლების სახით, ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე, რასაც შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ორბელიანის მოედნის, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, რომლებიც ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრია. ამასთან, ჩვენ ინდივიდუალურ პროექტებსაც ვახორციელებთ, რომ ისტორიული ძეგლები შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ პრეზენტაციაზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში სისუფთავე პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია.
„ქალაქში სისუფთავე პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული. ცხადია არსებობს გამოწვევები, თუმცა, ეტაპობრივად ვცდილობთ ახალი ტექნიკა შევიძინოთ, ყველა მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ. ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, რომ ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული უცხოელები, პირველ რიგში, ხაზს უსვამენ გამწვანებასა და სისუფთავეს. გამოწვევები არსებობს, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა ხარვეზი და პრობლემა გამოსწორდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს