რუსულმა ბანკმა Точка ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საბანკო ოპერაციების წარმოება ქართულ ეროვნულ ვალუტაში. როგორც რუსული მედია წერს, ამან უნდა გაამარტივოს რუსი მეწარმეების ურთიერთობა საქართველოდან კონტრაქტორებთან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განმარტებით, სებ-ი შეისწავლის სანქცირებულია თუ არა აღნიშნული ბანკი ან მათი მფლობელები და დადასტურების შემთხვევაში ქართულ ბანკებს Точка-სთან ურთიერთობა არ ექნებათ.
„თუ ეს ბანკი სანქცირებულია, მაშინ მასთან საკორესპონდენციო ურთიერთობას არც ერთი ბანკი არ დაიჭერს, შესაბამისად, გადარიცხვები არ იქნება არც რუბლით, არც ლარით და არც სხვა ვალუტით. თუ სანქცირებული ბანკი არ არის, მაშინ რისკი არ არის, არ აქვს მნიშვნელობა ეს გადარიცხვები რომელ ვალუტაში ხდება. ამას ჩვენ შევისწავლით, ასევე კომერციულ ბანკებს დავუკავშირდებით, მაგრამ ჩვენს გარეშე თუ ეს ბანკი ან მათი მფლობელები არიან სანქცირებულები, ქართული ბანკები მათთან ურთიერთობას არ დაიჭერენ“, - აღნიშნა მესტვირიშვილმა.
მანამდე „ტოჩკას“ კლიენტებს მხოლოდ რამდენიმე ქართულ ბანკში შეეძლოთ დოლარის, ევროს და რუბლის გაგზავნა. ახლა ლარში გადახდა ყველა ბანკში გახდა შესაძლებელი, ნათქვამია პრესრელიზში რომელიც ბანკის მიერ რუსულ მედიას დაეგზავნა. ბანკი ასევე მუშაობს სხვა ვალუტებთან: იუანი, ლირა, ტენგე, დრამი, დინარი.