"დაინტერესებული პირის (Tether) მიერ მოხდა ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა და მიმდინარეობს სარეგისტრაციო საქმის წარმოების პროცესი,"- ნათქვამია BMG-ის კითხვაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოგზავნილ პასუხში.
25 მაისს, გლობალურმა კრიპტო კომპანია Tether-მა (ტეზერი) წარადგინა ლარის პირველი სტაბილური ვირტუალური აქტივის, GELT-ის პროექტი. პრეზენტაციას დაესწრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ასევე სების პრეზიდენტი ნათია თურნავა.
ეროვნულ ბანკში საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც განსაზღვრა სტაბილური ვირტუალური აქტივების განთავსების და გამოშვების პირობები. 2026 წლის მარტში მიღებული რეგულაციის თანახმად, ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივის გამომშვები ვალდებული იქნება მუდმივად შეინარჩუნოს მომხმარებლებისგან მიღებული თანხების 100%-ის რეზერვი.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და უზრუნველყოფს სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული მარეგულირებელი ჩარჩო პირველია რეგიონში, რომლის მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივების უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო გარემოში გამოშვების ხელშეწყობა.
2025 წელს ეროვნულ ბანკს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებზე სრული ზედამხედველობის უფლებამოსილება მიენიჭა. 2026 წლის 6 მარტს კი დამტკიცდა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი“, რომელიც აწესრიგებს სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვებას.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაცია ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადებში და შესაბამისი რეგულაციის მოთხოვნების დაცვით. დაინტერესებული პირის მიერ მოხდა ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა და მიმდინარეობს სარეგისტრაციო საქმის წარმოების პროცესი. კონკრეტული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდება მხოლოდ სალიცენზიო პროცედურების დასრულების შემდეგ, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის პასუხში.
ვრცლად: BM.GE