საქართველოს სატელევიზიო ბაზარი სხვა სექტორებისგან იმით განსხვავდება, რომ ბაზრის ყველა ძირითადი მოთამაშე წლიდან წლამდე ათობით მილიონი ლარის ზარალს განიცდის. არხების მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 6 ძირითადი ეროვნული მაუწყებლის ჯამური ზარალი 2023 წელს 61 მილიონი ლარით, ანუ 73%-ით გაიზარდა და მან რეკორდულ 145 მილიონ ლარს მიაღწია.

ტელევიზიებს შორის როგორც სარეკლამო შემოსავლით, ასევე ზარალის მოცულობით პირველ ადგილზე “ტელეიმედია”, რომელსაც 2023 წელს 32 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, თუმცა არხის მხოლოდ სახელფასო ხარჯი 34 მილიონ ლარს, საოპერაციო ხარჯები 16 მილიონ ლარს, ფინანსური ხარჯები 22 მილიონ ლარს, ცვეთის ხარჯი კი 12 მილიონ ლარს შეადგენდა, შედეგად ტელევიზიამ 53.2 მილიონი ლარით იზარალა. ამასთან, არხს აქვს 323 მილიონი ლარის სასესხო ვალდებულებები, ხოლო არხის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი და დაუფარავი ზარალი 388 მილიონ ლარს შეადგენს.

შემოსავლების მოცულობით მეორე ადგილზეა სს “მედია ჰოლდინგი”, რომელიც “რუსთავი 2”-ის სახელით მაუწყებლობს. არხს გასულ წელს 14.3 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ სახელფასო ხარჯები 26.2 მილიონ ლარს შეადგენდა, ადმინისტრაციული ხარჯები 16 მილიონი ლარი იყო, ფინანსური ხარჯი კი 3 მილიონ ლარს. შედეგად, “რუსთავი 2”-მა 2023 წელს 31 მილიონი ლარით იზარალა. ამასთან, არხს აქვს 80.6 მილიონი ლარის ვალდებულებები, წლების განმავლობაში დაგროვილი და დაუფარავი ზარალი კი 72.2 მილიონ ლარს შეადგენს.

ეროვნული მაუწყებლების ფინანსური შედეგები 2023 წელს:

ტელეიმედი

  • შემოსავალი 2023 წელს - 32,194,607 ლარი, კლება წინა წელთან 33%;
  • ზარალი 2023 წელს - 53,293,387 ლარი, ზარალის ზრდა წინა წელთან 218%;
  • წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი - 388,045,177 ლარი.

რუსთავი 2 - სს მედია ჰოლდინგ

  • შემოსავალი 2023 წელს - 14,288,062 ლარი, ზრდა წინა წელთან 40%;
  • ზარალი 2023 წელს - 31,002,413 ლარი, ზარალის ზრდა წინა წელთან 18%;
  • წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი - 72,229,175 ლარი.

მთავარი არხი

  • შემოსავალი 2023 წელს - 7,757,000 ლარი, კლება წინა წელთან 24%;
  • ზარალი 2023 წელს - 8,608,000 ლარი, ზარალის კლება წინა წელთან 16%;
  • წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი - 60,837,000 ლარი.

ტვ პირველი

  • შემოსავალი 2023 წელს - 5,555,877 ლარი, კლება წინა წელთან 12%;
  • ზარალი 2023 წელს - 3,862,217 ლარი, ზარალის მატება წინა წელთან 14%;
  • წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი - 12,468,633 ლარი.

ფორმულა

  • შემოსავალი 2023 წელს - 4,765,794 ლარი, კლება წინა წელთან 10%;
  • ზარალი 2023 წელს - 42,119,306 ლარი, ზარალის მატება წინა წელთან 98%;
  • წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი - 125,629,509 ლარი.

პოსტვ

  • შემოსავალი 2023 წელს - 7,489,977 ლარი, ზრდა წინა წელთან 48%;
  • ზარალი 2023 წელს - 6,788,346 ლარი, ზარალის მატება წინა წელთან 12%;
  • ჯამურად არხის მიერ დაგროვილი ზარალი - 6,799,946 ლარი (არხი სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი წელი იყო ზარალზე).

საერთო ჯამში ამ ტელევიზიების მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი 666 მილიონ ლარს შეადგენს.

ტელევიზიებში ზარალის მიზეზია ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე არხების სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მათ მთლიან ხარჯებს, რაც საინფორმაციო და გასართობი გადაცემების წარმოებასთან არის დაკავშირებული.

2023 წელს 6 მაუწყებლის სარეკლამო კომერციული შემოსავალი 71 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წლის სარეკლამო შემოსავლებთან შედარებით 16%-ით ნაკლები იყო. სარეკლამო შემოსავლების კლება ტელევიზიების ზარალის მოცულობის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი იყო.

ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ტელევიზიები ხარჯების დაფინანსებისთვის ხშირ შემთხვევაში მათი დამფუძნებლებისგან იღებენ დონაციებსა და კრედიტებს, ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც დამფუძნებლებთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფები გასცემენ ამავე არხებზე სესხებს,

ტელევიზიებში იმ ხარჯების დაფინანსება, რასაც კომერციული შემოსავლები ვერ ფარავს, ხდება მათი დამფუძნებლებისგან გაცემული სესხებით და დონაციებით, დამფუძნებლებთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფების სესხებით და დონაციებით ან დამფუძნებლებთან დაკავშირებული საფინანსო ინსტიტუტების სესხებით. ტელევიზიების მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქციის გათვალისწინებით ის ჯგუფები და რომლებიც მათ ფლობენ მზად არიან დაფარონ და შეავსონ არხების მიერ წლიდან წლამდე აკუმულირებული მრავალმილიონიანი ზარალი.

bm.ge