2025 წლის დასაწყისში, იანვარში თბილისის მერიამ ₾2,9 მლნ-ის სათვალთვალო ვიდეოკამერები იყიდა. დედაქალაქის მთავრობამ, როგორც ჩანს, თბილისის ქუჩებში კონტროლის გაძლიერება გადაწყვიტა და ამჯერად 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვიდეოსათვალთვალო კამერის შეძენა გადაწყვიტა, რისთვისაც 2 048 258 ლარის დახარჯვას განიხილავს.
სატენდერო განაცხადი შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
წინადადებების მიღება 17 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კამერების გარდა, შესყიდვა თანმდევი მომსახურებით - მოწყობა და კონფიგურაციასაც ითვალისწინებს, რომელიც მიმწოდებელმა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად უნდა უზრუნველყოს.
პირველ დავალებას შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არანაკლებ 55 კალენდარული დღის შემდეგ.
ცნობისთვის, 5 წელში საქართველომ 5 მლნ ლარის ჩინური სათვალთვალო კამერები იყიდა.2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ჩინური კომპანიებისგან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სათვალთვალო ტექნოლოგიების იყიდა. ჯამში გასულ წელს 13 შესყიდვა განხორციელდა. მაგალითისთვის, 2023 წელს განხორციელდა 6 შესყიდვა, რომლის ღირებულებამაც 151 592 ლარი შეადგინა.
2019-2024 წლებში განხორციელებული 46 სახელმწიფო შესყიდვიდან 26 შემთხვევაში შესყიდული კამერები Hikvision-ის მიერაა წარმოებული. აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციის იმპორტი კი, ბოლო წლებში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ აკრძალა, მათ შორის სამხრეთ კორეამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, ახალმა ზელანდიამ, აშშ-მა, უკრაინამ, ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ინდოეთმაც.
2019-2024 წლებში ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების შესაძენად 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ჩინური წარმოების სამეთვალყურეო კამერების უმსხვილესი შემსყიდველი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) იყო. ცესკომ 2024 წელს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, შეიძინა 1 694 368 ლარის ღირებულების სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც Xiamen Milesight Technology Co., Ltd-ის მიერაა წარმოებული.