სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს.

მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია.

„364 ცალი ძაღლის დასაჭერი სახელურიანი მარყუჟი / მახასიათებლები: ლასო – ფოლადის იზოლირებული ბაგირით, 360°-ით მბრუნავი თავით, ფიქსატორით, სათადარიგო ბაგირით და მარყუჟის ქვედა ნაწილი პლასტმასით ან ალუმინით. სიგრძე: ტელესკოპური რეგულირებადი 130 – 180 სმ.“ – აღნიშნულია ტენდერში.

ტენდერში სავარაუდო ვიზუალისთვის ატვირთულია ფოტოც:

ძაღლების დასაჭერი / ვიზუალი / მსგავსის შეძენას გეგმავს სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ასეთ მარყუჟებს პირველად ყიდულობს.

შესყიდვების პორტალზე კატეგორიაში – „საპოლიციო მოწყობილობები / ძაღლების თავდასხმის მოსაგერიებელი საშუალებები“ – სააგენტოს სხვა შესყიდვა განხორციელებული არ აქვს.

საქმე იმაშია, რომ „ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან 3 წლის განმავლობაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი წესდება.

დადგენილების მიხედვით, მომეტებული რისკის მქონე ძაღლებად დასახელებულია:

  • ამერიკული პიტ ბულ ტერიერი; ფილა ბრაზილეირო; სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; კანე კორსო; სტაფორდშირ ბულ ტერიერი.

მორატორიუმი გავრცელდება სხვა ჯიშის ძაღლებზეც, კერძოდ, ესენია:

  • ჰასკი; მალამუტი; ლაიკა.

მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით [გარდა თვითმმართველი ქალაქებისა] სააგენტო უზრუნველყოფს პატრონიანი ძაღლების:

ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას;
ძუ ძაღლების სტერილიზაციას;
ჩიპირებას;
იდენტიფიკაციასა და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას“.

ამასთან, სააგენტოს განცხადებით „იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია მეპატრონეების პასუხისმგებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ერთიანი ბაზით შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კი, კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან.“

batumelebi.netgazeti.ge