„თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის ხელმძღვანელმა ირინა კვახაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) ბაზრის ზრდასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2022 წელს FMCG-ის ბაზარი ძალიან ძლიერად - 37%-ით გაიზარდა და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა.
„წინა წლებშიც იყო ზრდა, მაგრამ არა ამხელა - 2020-ში 26%-იანი ზრდა იყო, 2021 – 22%-იანი. ამ შედეგის უკან, რამდენიმე ფაქტორი დგას: ლარის ინფლაცია, მოთხოვნის, მიგრაციის, ხელფასებისა და ტურიზმის ზრდა.
სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელზე ინფლაცია, ზოგად ინფლაციასთან შედარებით (14.1%), მაღალი იყო; ერთ-ერთი მიზეზი, რამაც FMCG-ის ძლიერი მოთხოვნა განაპირობა იყო ის, რომ საშუალო ხელფასი 2022 წელს უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე სამომხმარებლო ფასები (ხელფასების ზრდა იყო 20%, სამომხმარებლო ფასების - 11.9%). არ უნდა დაგვავიწყდეს ტურიზმის როლიც და გვყავდა მიგრანტები, რომლებიც მაღალი მსყიდველობითი უნარით გამოირჩეოდნენ და თავიანთი წვლილი შეიტანეს სექტორის ზრდაში“, - განაცხადა ირინა კვახაძემ.
FMCG-ის ბაზრის 37%-იანი ზრდაზე თითქმის თანაბარი გავლენა იქონია დედაქალაქმა და რეგიონებმა. ირინა კვახაძის თქმით, აქედან 40% მოდის დედაქალაქზე, 39% - რეგიონებზე.
„თბილისის ბაზარი შეადგენს მთლიანი ბაზრის 40%-ს. დედაქალაქის FMCG ბაზარი 2022 წელს შეადგენდა 6.6. მლრდ ლარს. ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ თბილისის ბაზარი იყო გადამწყვეტი. რეგიონებიც სწრაფად რეალიზებადი პროდუქციის ბაზრის ზრდა 39% იყო. მთლიანმა ბაზარმა კი 12.5 მლრდ ლარი შეაგინა, - განაცხადა ირინა კვახაძემ.
მისი თქმით, 37%-იან ზრდაში მიგრანტების როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის კრიტიკული, რადგან სექტორის ძირითადი მომხმარებლები არიან შიდა მეურნეობები. მიგრანტების კონტრიბუცია მთლიან ბაზარში 6%-ია. ამ 37%-იან ზრდაში მიგრანტების წილი იყო 16,6%.
ირინა კვახაძემ მთლიანი გაყიდვებში ელექტრონული კომერციის წილზეც ისაუბრა. მისი თქმით, ონლაინ შოპინგის მოცულობა მთლიან გაყიდვებში 2%-ია.
ვერ ვიტყვით, რომ საქართველო ძალიან ჩამორჩება ევროპის მაჩვენებლებს. პანდემიამ გავლენა იქონია ელექტრონული კომერციის ზრდაზე, მაგრამ პანდემიის შემდეგ, სექტორის ზრდამ იკლო. სხვა ევროპულ ქვეყნებში ელექტრონული კომერციის წილი 3, 5 და დიდ ბრიტანეთში 10%-მდეა, საქართველოში 2%-ია. ეს დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, რაც უფრო გაიზრდება ახალგაზრდების სეგმენტი და რაც უფრო მსყიდველუნარიანი იქნება, ეს დარგი უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ირინა კვახაძემ.