საქართველოს პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ 23 თებერვალს დადებული ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს.

ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 

არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც ამჟამად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება, შესაბამისად არსებობს ვარაუდი, რომ სანამ არჩილ მესტვირიშვილს სებ-ის საბჭოში გაუვა ვადა, ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთ ვიცე-პრეზიდენტს დანიშნავს. მთავრობა მთავარ კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მოიაზრებს, თუმცა პრეზიდენტს მის დამოუკიდებლობაში ეჭვი შეაქვს და იწუნებს.

მოვლენებთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია აქვთ სფეროს ექსპერტებს. საბანკო სფეროს ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ კანონში ცვლილებები საჭირო არაა, რადგან სებ-ის პრეზიდენტი თავად უნდა წყვეტდეს, რამდენი კადრია საჭირო და ვის რა მოვალეობა ექნება. 

„ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა და აუცილებელია, რომ ეს ასეც გაგრძელდეს. დაჩქარებული წესით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით, კანონში ცვლილებების შეტანა არასაჭირო და არასახარბიელოა. არ შეიძლება მთავრობაზე იყოს დამოკიდებული ვინ რა მოვალეობას შეასრულებს სებ-ში. მან თავად უნდა განსაზღვროს როგორც ფულად-საკრედიტო, სავალუტო პოლიტიკას, ასევე საკადრო გადაადგილება. ასეთი გადაწყვეტილება თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს.

ეროვნული ბანკი ნეიტრალური უნდა იყოს, ეს მისი ობიექტურობისთვის აუცილებელია და ის გეგმა რომელიც სავარაუდოდ მთავრობას აქვს, რაც თავისი კანდიდატურის დანიშვნას გულისხმობს, ამ ნეიტრალიტეტს ხელს შეუშლის.

ძალიან დამაზიანებელი იქნება, თუ ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ მიდრეკილება ექნება, ამიტომ ნეიტრალური პიროვნების დანიშვნა აუცილებელია, როგორც ეს ყველა ქვეყანაში ხდება, ახალი ცვლილება კი ამის შესაძლებლობას აქრობს. 

მან უნდა განსაზღვროს რამდენი კადრი სჭირდება და რომელ მათგანს რა როლი ექნება სებ-ის საქმიანობაში”, - აღნიშნავს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

აღნიშნული კანონის პროექტის პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.