Galt&Taggart-ის შეფასებით, ეროვნული ბანკი მომავალ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე უკვე დაიწყებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას. ორგანიზაციის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, ამის საფუძველს მარეგულირებელს წლიური ინფლაციის ტემპის მოსალოდნელზე მეტად შენელება მისცემს.
„საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია, მნიშვნელოვნად, 2.7%-მდე შენელდა, წინა თვის 5.3%-იანი დონიდან, რაც ძირითადად ტრანსპორტისა და ჯანდაცვის კატეგორიებში ფასების კლებამ და სურსათის ფასების ზრდის ტემპის მნიშვნელოვანმა შენელებამ განაპირობა. ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, ასევე შენელდა და 4.7% შეადგინა (-0.3პპ თ/თ).
წლიური ინფლაციის ტემპის მოსალოდნელზე მეტად შენელების პირობებში, ვფიქრობთ რომ სებ-ი 10 მაისის სხდომიდან დაიწყებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას, რომელიც მიმდინარედ 11.0%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე, 2023 წლის მარტში, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.