გასულ კვირას, საქართველოში ორმა უმსხვილესმა ბანკმა - „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ ორგანიზაცია ალტ-ინფოს ანგარიშები დაუბლოკეს.
„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორია ზოგადი წესი ანგარიშის დაბლოკვის, ან კლიენტისთვის მომსახურების უარის თქმის შემთხვევაში, რას არეგულირებს ცენტრალური ბანკი და რა არის მხარეთა შორის შეთანხმების შედეგი.
ეროვნული ბანკიდან კითხვებზე მიღებული პასუხებით ირკვევა,რომ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე
„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, საბანკო ანგარიშის გახსნის და მისი მომსახურების, მათ შორის, ანგარიშით მომსახურების შეწყვეტის ან/და ანგარიშის დაბლოკვის პირობები მხარეთა შორის შეთანხმების საგანია.
ამასთან„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად„საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია.“. ასევე, ანალოგიურ რეგულაციას ითვალისწინებს „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც: „საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე." - წერია სებ-ის მიერ მოწოდებულ პასუხებში.
მხარეთა შორის ნებისმიერი სადავო საკითხის არსებობის შემთხვევაში კი , მხარე უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოებს/დავის განმხილველ შესაბამის ორგანოებს.