ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ, ვაშინგტონში სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, რეგიონულ ფინანსურ კონფერენციაში „ფინანსური პარტნიორობის გაძლიერება აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და აშშ-ს შორის“ მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე ცენტრალური ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფინანსურ და საზედამხედველო ჩარჩოებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის მთავარ ეკონომიკურ დერეფნად პოზიციონირებული აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი, აშშ-სთან პარტნიორობის მეშვეობით, მთავარ რგოლს წარმოადგენენ მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობისთვის.
ეკატერინე მიქაბაძემ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა გლობალური ფინანსური ბაზრების განვითარების პარალელურად, რეგიონის ქვეყნებს შორის ფინანსური სერვისების კავშირების მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ შუა კორიდორის გასწვრივ იზრდება ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად მზარდია ფინანსური სერვისების დაკავშირებადობის აუცილებლობა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთისა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკებთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემების (RTGS), მყისიერი გადახდების სისტემების (IPS), ფინტექების, ტრანსსასაზღვრო გადახდების ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ზოგადად, ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე, რაც ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა გლობალური გაურკვევლობის ფონზე ცენტრალური ბანკებისა და მონეტარული პოლიტიკის წინაშე არსებულ რისკებზე. ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის რისკის მართვაზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკის მიდგომის საფუძველზე სებ-მა წარმატებით შეძლო დაბალი ინფლაციის შენარჩუნება.
„გლობალურად მაღალი გაურკვევლობის ფონზე საჭიროა ცენტრალური ბანკები იყვნენ მოქნილები, შეინარჩუნონ მაღალი სანდოობა და მაქსიმალურად იყვნენ ორიენტირებული უპასუხონ არსებულ გამოწვევებს. გააანალიზონ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში რა რისკები შეიძლება წარმოიშვას ფასების სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. საქართველოს ეროვნული ბანკი, მომავალშიც რისკის მართვაზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკის წარმოებას გააგრძელებს“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს