საერთაშორისო სავალუტო პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო, – ამის შესახებ „პირველ არხი“ წერს.
„ვადასტურებთ, რომ პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები’’, – განაცხადეს სავალუტო ფონდის საქართველოს მისიაში.
ეროვნული ბანკი ამ ინფორმაციას ადასტურებს. მათი განცხადებით, პროგრამა არ შეწყვეტილა, არამედ სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო, ფონდთან თანამშრომლობა კი გრძელდება.
„როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაადასტურა, პროგრამა არ შეწყვეტილა, არამედ სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო.
თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან გრძელდება. ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან“, – განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია (სსფ) საქართველოში 27 აპრილიდან 11 მაისამდე იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი საქართველოში სავალუტო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის შეფასება იყო.
11 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში შემაჯამებელი შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებებზე, საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მეორე მიმოხილვის დასასრულებლად. ფონდის მისიის ფარგლებში, საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები დადებითად შეფასდა.
პირველი არხი