საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასი ეცემა. ერთკვირიან ჭრილში უნცია ოქროს ფასი 1%-ითაა შემცირებული და 1,956 დოლარია, ხოლო ვერცხლის ფასი - 0.5%-ით. ანალიტიკოსები ოქროსა და ვერცხლის ფასის ვარდნას აშშ-ს მონეტარული პოლიტიკას უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს, აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა (Fed) რეფინანსირების განაკვეთი წლიურ ჭრილში 5-5,25%-ის ფარგლებში შეინარჩუნა და ფედერალური სარეზერვო სისტემა 1980-იანი წლების შემდეგ ძირითადი განაკვეთების ზრდის ყველაზე აგრესიული სერიის შემდეგ შეჩერდა.

Fed-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ აშშ-ს საბანკო სისტემა ჯანსაღი და გამძლეა. შინამეურნეობებისა და ბიზნესისთვის საკრედიტო პირობების გაუარესება, სავარაუდოდ, შეაფერხებს ეკონომიკურ აქტივობას, დაქირავებას და ინფლაციას. ამ ეფექტების მასშტაბები ჯერ კიდევ არ არის ნათელი. Fed კვლავ ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს ინფლაციურ რისკებს.