საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრია 2025 წელს ზომიერი ზრდის ტემპით დაასრულებს, რაც წინა წელთან შედარებით შენელებულ დინამიკაზე მიუთითებს. ამის შესახებ BMG-სთან სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი საუბრობს.
„წელს სადაზღვევო სექტორის ზრდა, სავარაუდოდ, 11%-ის ფარგლებში იქნება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება გასული წლის 17-18%-იან მაჩვენებელს. ზომიერი წელი იყო. ჩვენ უფრო მკვეთრ ზრდას ვართ მიჩვეულები, შესაბამისად, აშკარად ტემპი ისეთი არ არის, როგორსაც ვისურვებდით".- ამბობს სადაზღვევო კომპანია "არდის" გენერალური დირექტორი.
ზრდის ტემპის შენელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაზრდილი საოპერაციო დანახარჯები სახელდება. მიხეილ ჯაფარიძე ელოდება, რომ ისევე, როგორც წინა სამ კვარტალში, სადაზღვევო კომპანიების ჯამური მოგება შემცირებული იქნება.
"ზოგადად, ფასების მატება ბიზნესებში გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით - ზოგადად ხარჯები არის გაზრდილი. ხელფასები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, მით უმეტეს, მომსახურების ნაწილში. საქსტატის მონაცემებითაც, საშუალო ხელფასი საქართველოში გაიზარდა", - ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, საყურადღებოა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის დაბალი პენეტრაციაც - სამედიცინო დაზღვევის გარდა, რომელიც უფრო განვითარებულია, სხვა სადაზღვევო პროდუქტები მოსახლეობაში მასიურად გავრცელებული არ არის. მათ შორის, ნაკლებად პოპულარულია ავტომობილების დაზღვევა. კიდევ უფრო მცირეა უძრავი ქონების დაზღვევის მაჩვენებელი.
სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიძგად სავალდებულო დაზღვევის სახეობების შემოღება სახელდება. ჯაფარიძის აზრით, ეს გაზრდის დაზღვევის ცნობადობას და მის მონაწილეობას საოჯახო ბიუჯეტის დაგეგმვაში, რაც ამჟამად "უკიდურესად არაპროპორციულია".
"სავალდებულო დაზღვევის სახეობების განვითარებამ ისტორიულად გამოიწვია დაზღვევის ზოგადი ცნობადობის ზრდა. თუ ამ კუთხით რამე ტიპის სიახლე ჰორიზონტზე გამოჩნდება, ძალიან კარგი იქნება ინდუსტრიისთვის," - ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა თითქმის 1.1 მილიარდი ლარის პრემია მოიზიდეს. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სადაზღვევო კომპანიებს შემოსავალი 11.6%-ით გაეზარდათ.