საბაჟოზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამის შესახებ კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, შესაბამისი ცვლილების შეტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება.

„პროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. მოქმედი რედაქციით, აღნიშნული წესი 20 კმ-ის რადიუსში მოქმედებს“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

​ცნობისთვის, კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი