„პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორი ალექსი მატუა გადაცემა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სფეროს მაღალი კონცენტრაციის მაჩვენებელი პრობლემას წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ არსებული მდგომარეობით, ქვეყნის საკრედიტო პორტფელის 75%-ზე მეტი, ხოლო სადეპოზიტო პორტფელის 79% ორ წამყვან ბანკზე მოდის, რაც კონკურენციის თვალსაზრისით, ქვეყნის საბანკო სექტორის პრობლემას წარმოადგენს.
ალექსი მატუა აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან ხდებოდეს კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, იქნება ეს დაფინანსების მოზიდვის თუ სხვა მექანიზმების მეშვეობით, რაც თავის მხრივ, საბოლოოდ ბანკის კლიენტებისთვის უფრო კონკურენტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაში აისახება.
„ჩემი აზრით, საბანკო სფეროს კონცენტრაცია პრობლემაა. ბევრი ამას არ აღიარებს, მაგრამ პრობლემაა. კონკურენტული გარემო არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეს მხოლოდ ერთ ან ორ ბანკს. კონკურენცია უნდა ნიშნავდეს იმას, რომ კონკურენცია მიმდინარეობს თანაბარი შესაძლებლობებით. როდესაც ჯანსაღი კონკურენტული გარემოა, ეს მომხმარებელზე, რა თქმა უნდა, აისახება.
ძალიან რთული საკითხია, რადგან ვითარება კონცენტრაციის ამ დონეზე მივიდა და შემდეგ უკვე რთულია მისი იმგვარად მოდიფიკაცია, რაც ვითარებას შეცვლიდა. შესაბამისად, სასურველია სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა მოხდეს იმით, რომ დაბალანსდეს და სხვა ბანკები შევიდნენ სამართლიან კონკურენციაში. სხვანაირად სამართლიან კონკურენციაში შესვლა, როდესაც საწყისი წერტილი არათანაბარია, არ გამოდის,“- აღნიშნავს ალექსი მატუა.
2025 წლის მდგომარეობით, პროკრედიტ ბანკის აქტივების ზომა 1.9 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების 2%-ია, ბანკის საკრედიტო პორტფელის ზომა კი 1.3 მილიარდ ლარს შეადგენს.