"ბაზისბანკის" გენერალური დირექტორის დავით ცაავას თქმით, საბანკო სექტორი აქამდეც იცავდა და მომავალშიც დაიცავს ყველა იმ სანქციას, რომელიც გათვალისწინებულია. ამის შესახებ მან BMG-სთან, აშშ-ის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავით ცაავა ფინანსური სანქციების აღსრულების კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სანქცირებული პირები "ბაზისბანკის" კლიენტები არ არიან.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საბანკო სექტორი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სანქციებთან, შესაბამისად, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ისევე მუშაობას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

მე კონკრეტულ პირებზე საუბარი გამიჭირდება. შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული პირები არ არიან ჩვენი კლიენტები, თუმცა უფრო მეტ დეტალზე საუბარი გამიჭირდება“, - თქვა "ბაზისბანკის" დირექტორმა BMG-სთან საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ გასულ წელს მიღებული საგამონაკლისო წესის დაცვას, დავით ცაავას თქმით, სექტორი შესაბამისობაშია როგორც ქართულ კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო სანქციებთან.

"საბანკო ასოციაციას არაერთხელ აქვს ამაზე განცხადება გაკეთებული. როგორც გითხარით, ჩვენ ვართ სრულ შესაბამისობაში როგორც ქართულ კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც",- განაცხადა "ბაზისბანკის" გენერალურმა დირექტორმა.

bm.ge