საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის მერიის სამმართველომ ტენდერი 976 ათას 60 ლარით გამოაცხადა. ტექნიკური დავალებიდან ჩანს, რომ მერია წელს ახალი კონსტრუქციებისა თუ აქსესუარების შეძენას არ აპირებს და ტენდერში გამარჯვებულს მხოლოდ არსებულის [მათ შორის საახალწლო ნაძვის ხის] მონტაჟი, ზედამხედველობა და შემდეგ მათი დემონტაჟი ევალება.
გამარჯვებულმა ასევე „უნდა უზრუნველყოს საახალწლო ნაძვის ხის ანთების რიტუალის შესაძლებლობა“.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 14 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 19 ნოემბერს დასრულდება.
პირობის მიხედვით:
სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით; სადემონტაჟო სამუშაოები – 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით;
შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი, ასევე დაზიანებული [რომელიც ექვემდებარება შეკეთებას შემდგომში გამოყენების შესაძლებლობით] და შემდგომში გამოსაყენებლად უვარგისი ყველა საახალწლო აქსესუარის რაოდენობრივი ჩამონათვალის სამმართვეელოში წარდგენა უნდა მოხდეს 2026 წლის 1-ლი მარტის ჩათვლით;
ამასთან, ყველა დაზიანებული, მაგრამ რემონტს დაქვემდებარებული და შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი საახალწლო აქსესუარის შეკეთება შემდგომი დასაწყობებით, ტენდერში გამარჯვებულმა 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა განახორციელოს.
ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბათუმის მერიამ 2022 წელს 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა შპს „აჭარგანათებისგან“.
„აჭარგანათება“ საახალწლოდ ქალაქის მოსართავად გამოცხადებულ ტენდერებს ბოლო რამდენიმე წელია უკონკურენტოდ იგებს. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებას, ბათუმის მერია ცალკე ტენდერს აცხადებს, ან/და სხვადასხვა მომასახურებას გამარტივებული წესითაც შეისყიდის.