რუსეთის ცენტრალური ბანკი (CBR) საკუთარი ციფრული ვალუტის, ციფრული რუბლის სხვა ქვეყნების გადახდის სისტემებთან ინტეგრირების შესაძლებლობებს იკვლევს. Cryptopolitan-ი გუბერნატორ ელვირა ნაბიულინაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი თავისი ციფრული რუბლის სხვა ქვეყნებში არსებულ გადახდის სისტემებთან ინტეგრირებას ცდილობს, რათა გაამარტივოს ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებები და ტრანზაქციები.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ციფრული რუბლის დანერგვასთან დაკავშირებული დისკუსიები ორიენტირებულია ციფრული რუბლის გამოყენებაზე ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში.
ეს სურვილი ორ შესაძლო გზას გვთავაზობს. პირველი გულისხმობს ორმხრივ ურთიერთქმედებას რუსულ პლატფორმასა და სხვა ქვეყნის ციფრული ვალუტის პლატფორმას შორის. ამას გარდა, შეიძლება შეიქმნას საერთო საკლირინგო სახლი, რომელთანაც ციფრული ვალუტის სხვადასხვა პლატფორმა შეიძლება დაკავშირდეს. რუსული მედია წერს, რომ ორივე ვარიანტი იმ ქვეყნებთან თანამშრომლობისას განიხილება, რომლებიც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ რუსეთთან.
რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი ელოდება, რომ ციფრული რუბლის მასობრივი მოხმარება 2025 წელს მოხდება. ციფრული რუბლის, როგორც ტრანსსასაზღვრო გადახდების ინსტრუმენტის გამოყენების კონცეფციაზე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი წლის დასაწყისიდან მუშაობს. ციფრული რუბლის საშუალებით ამ გადახდების განხორციელების წინასწარი ვარიანტები უკვე შემუშავებულია. გამოცხადდა საპილოტე პროგრამა მომხმარებელთა შორის ბიზნესის (C2B) ტრანზაქციების შესამოწმებლად, რომელშიც ჩართული იყო 10-ზე მეტი ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი.
რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ინიციატივის განვითარებისთვის წამოაყენა ოპერაციული წესები ციფრული რუბლისა და მასთან დაკავშირებული პლატფორმისთვის. ამ წესების შემუშავებისა და დადგენისთვის კონსულტაციები 19 ივლისს დასრულდა.