ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მიხედვით, რუსეთის რეზიდენტების წილი არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში 37%-მდეა გაზრდილი. რაც შეეხება ისრაელს, შესაბამისი მონაცემი 8% შეადგენს, უკრაინის შემთხვევაში კი - 6%-ს. 

„არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი მთლიან არასაბანკო დეპოზიტებში 2022 წლის განმავლობაში 4 პპ-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოსთვის 18.2 პროცენტს მიაღწია.

წარმოშობის მიხედვით გაზრდილია რუსეთის რეზიდენტების წილი არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში 37 პროცენტამდე, თუმცა ჯამურად ეს დეპოზიტები კვლავ დივერსიფიცირებულია, როგორც ქვეყნების, ისე დეპოზიტების ტიპების მიხედვით, რაც რისკიანობის კუთხით დადებითი ფაქტორია. ამ ტიპის დაფინანსებაზე ჭარბი დამოკიდებულების პრევენციის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი არარეზიდენტებისგან მოზიდული დეპოზიტებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მოთხოვნას ინარჩუნებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

არარეზიდენტი კლიენტების მხრიდან ქართულ ბანკებში დეპოზიტების ზრდა, ქვეყანაში მიგრანტთა რაოდენობის საგრძნობლად გაზრდამ გამოიწვია.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლების რაოდენობა წლიურად 173.3%-ით გაიზარდა. ვიზიტორთა მატება უმეტესწილად რუსეთიდან (+410.5%), თურქეთიდან (+183.5%), სომხეთიდან (+350.9%) და ისრაელიდან (+108.7%) შემოსული ვიზიტორების ზრდამ განაპირობა.