საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მათი მოლოდინია, რომ 2025 წლის ბოლოს ბანკები იპოთეკით უზრუნველყოფილ პირველ სავალო ფასიან ქაღალდებს უკვე გამოუშვებენ. ეკატერინე მიქაბაძის თქმით, თუკი ამ ფასიანი ქაღალდების განთავსება წლის ბოლომდე ვერ მოესწრება, მაშინ მაღალი ალბათობით ისინი მომდევნო წლის დასაწყისში განთავსდება. ამის შესახებ მან კომპანია "ალმას" მიერ ობლიგაციების განთავსების შესახებ გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა ბაზარზე 2022 წლის დეკემბერში, პარლამენტის მიერ უზრუნველყოფილი ობლიგაციების შესახებ კანონის მიღებით გახდა შესაძლებელი. თუმცა მას ჯერჯერობით შესაბამისი ფასიანი ქაღალდის განთავსება ჯერ არ მომხდარა.

"საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. სწორედ ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველწლიურად კაპიტალის ბაზრის ზომა ორმაგდება. ეროვნული ბანკის ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. საზედამხედველო ჩარჩო სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. პრაქტიკულად ყველა ევროკავშირის დირექტივა ამ მხრივ იმპლემენტირებულია, რაც რა თქმა უნდა კაპიტალის ბაზის ნდობას ინვესტორების მხრიდან, ისევე როგორც ემიტენტების მხრიდან, ზრდის. რაც შეეხება უკვე ძალაში შესულ კანონებს, მათ შესაბამის ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვებაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რამდენიმე ბანკი აქტიურად განიხილავს კონკრეტულად ქავერფონდების გამოშვებას და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ბაზარზე უკვე ამ ფაქტსაც აღვნიშნავთ.

ალბათ, უფრო წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდება... ყველაზე უარეს ვარიანტში შემდგომი წლის დასაწყისში უკვე ჩვენ ვიხილავთ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე იპოთეკით დაცული ობლიგაციების განთავსებას", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ

საქართველოში მოქმედ ბანკებს სულ 12.5 მილიარდი ლარის მოცულობის იპოთეკური კრედიტები აქვთ გაცემული. მათ ამ სასესხო პორტფელიდან ახალი ფინანსური ინსტრუმენტის - "იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების" შექმნა შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ ბანკები მათში არსებული იპოთეკური კრედიტიდან შეძლებენ თავად ამ სესხების ნაწილი ჩადონ უზრუნველყოფაში და მის სანაცვლოდ გამოუშვან ახალი ობლიგაციები. შედეგად, ქართულ ბანკებს საკუთარი საქმიანობისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა უჩნდებათ.

bm.ge