„რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მთლიანი შემოსავლის გაცილებით მეტი წილი მიაქვს სურსათს“, - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, 2025 წლის მთავარი გამოწვევა იყო ფასები, უმუშევრობა, ასევე ხარჯებისა და შემოსავლების უთანასწორობა.
„წელსაც მთავარი გამოწვევა იყო ფასები, ასევე, მაღალი რჩება უმუშევრობა და თანაფარდობა, ხარჯებისა და შემოსავლების უთანასწორობა. ანუ როდესაც ჩვენი ხარჯები ყოველწლიურად იზრდება და შემოსავლები ამას ვერ ეწევა.უფრო გასაგები რომ იყოს, უნდა ავხსნათ, რომ საშუალო ქართული ოჯახის ხარჯის დაახლოებით ნახევარი მოდის კვებაზე, სურსათზე. როდესაც საშუალო ინფლაცია 4-5%-ის ფარგლებში იყო წელს, სურსათი 10-11%-ით გაძვირდა. რაც რა თქმა უნდა, უფრო მეტად ურტყამს იმ ადამიანებს, ვინც კიდევ უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი ამ ხარჯზე.
სურსათი [ხარჯების] ნახევარია საშუალო შემოსავლიანი ქართული ოჯახისთვის, რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მისთვის კიდევ უფრო მეტი ხარჯია ეს და მისი მთლიანი შემოსავლის გაცილებით მეტი წილი მიაქვს სურსათს. ამ მიმართულებით ფასები კიდევ უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ჩვენ საშუალო ინფლაცია გვაქვს.
მომავალი წლისთვისაც სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრს აქვს პროგნოზი, რომ ინფლაცია წლის ბოლოსკენ დაიწყებს დასტაბილურებას, 3%-სკენ წამოვა, ანუ მანამდე არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, არამედ პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები.
გამოწვევები, რომელზეც იგივე ანალიტიკური ცენტრები ამახვილებენ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ზოგადად პოლიტიკური სიტუაციაა. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია როგორი კურსი აქვს ქვეყანას, საით მიდის, რა პოლიტიკას ახორციელებს, როგორ სიგნალს უგზავნის დასავლელ პარტნიორებს, ევროკავშირს და ა.შ.
მოგეხსენებათ, წლევანდელი წელი ძალიან მძიმე იყო ყველანაირად, მითუმეტეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის (მმართველ პარტიას არ ვგულისხმობ). თავისთავად ეს მერე ეკონომიკაზეც აისახება“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.