ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
12-პუნქტიან ტექსტს სრულად გთავაზობთ:
„1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბერი
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება ელექტრონული ფორმით (RS -ზე), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან
3. წელს უნდა წარადგინოთ 2023 წლის დეკლარაცია, თუმცა მასში დეკლარირდება 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა და 2022 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და მსუბუქი ავტომობილები
4. დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება 2022 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე)
5. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით, ხოლო მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2023 წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით
6. დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება 2022 წლის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების გარკვეული პროცენტის ოდენობით (რომელსაც თქვენ არ წერთ დეკლარაციაში. ამ პროცენტს თვითონ პორტალი ჩაგიწერთ)
7. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან
8. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ასევე დარიცხული ხელფასი (საპენსიოს და საშემოსავლოს ჩათვლით), საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად
9. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს ევალება დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია
10. ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის ჩაბარების შემდეგ, თქვენ ასევე ელექტრონულად გამოგეგზავნებათ „საგადასახადო მოთხოვნა“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის თანხა, გადახდის ვადა და წესი
11. ქონების გადასახადს იხდით ნებისმიერი ბანკის მეშვეობით, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000
12. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ნოემბერი
შენიშვნა: პოსტი ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვისაც წელს უწევს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა და არ მოიცავს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევებს“, - წერს ზურაბ ძნელაშვილი.