საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2024-2027“-ს აქვეყნებს. დოკუმენტი მოიცავს მთავრობის ვალის მართვის ძირითად მიმართულებებსა და მიზნებს 2024-2027 წლებისთვის.
დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიული მიზნის მისაღწევად სესხის აღება მოხდება შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:
საინვესტიციო სესხებისათვის:
საინვესტიციო სესხების აღება მოხდება მხოლოდ დიდი და კომპლექსური პროექტებისთვის. ეს არის პროექტები, რომლის ფარგლებშიც სამუშაოების მაღალი სტანდარტით შესასრულებლად საჭიროა პროექტის განხორციელებაში განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა, და რომელთაც თან ახლავს ექსპერტიზა და ცოდნის გაზიარება. საინვესტიციო სესხის აღების მთავარი სარგებელი არის არა მხოლოდ ფინანსური რესურსის მოზიდვა, არამედ ის მხარდაჭერა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პროექტის შესაბამისი სტანდარტებით განხორციელებას. შესაბამისად, მთავრობა არ აიღებს (არ გააკეთებს ახალ განაცხადს) საინვესტიციო სესხს იმ პროექტებისათვის, რომელთა განხორციელებაც იმავე წარმატებით და ეფექტიანობით არის შესაძლებელი ბიუჯეტის საკუთარი რესურსების გამოყენებით;
აუცილებელია, თითოეული საინვესტიციო სესხის ფარგლებში ყოველი პროექტისათვის არსებობდეს მისი ეფექტიანობის შესახებ დადებითი შეფასება. საინვესტიციო სესხის აღების ინიცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ პროექტებისთვის, რომლებსაც საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის6 მიხედვით გავლილი აქვთ წინასწარი შეფასების ეტაპი და მიღებული აქვთ ეკონომიკური საბჭოს7 დადებითი გადაწყვეტილება. შესაბამისად აუცილებელი წინაპირობაა, რომ საინვესტიციო სესხის ინიცირებისათვის სესხის ბენეფიციარ სამინისტროს ან მუნიციპალიტეტს ჰქონდეს დანერგილი სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემა თავის უწყებაში. ამასთან ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც არ ექვემდებარება საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მეთოდოლოგიით განსაზღვრული წესით განხილვას, შერჩევას გაივლიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალურ საბჭოსთან.
სახელმწიფო საწარმოებზე გადასესხება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საწარმო გამოხატავს სახელმწიფო საწარმოების მიმდინარე რეფორმისადმი მზაობას. მინიმალური სტანდარტის დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო საწარმო უნდა გამოხატავდეს მზაობას: ა) მთავრობის მიერ დამტკიცებული OECD სტანდარტის შესაბამისი კორპორაციული მართვის კოდექსის მიხედვით კორპორაციული მმართველობის პრაქტიკის დასანერგად; და ბ) მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის განსახორციელებლად;
კრედიტუნარიანი საწარმოებისათვის მთავრობა შეწყვეტს გადასესხების პრაქტიკას. ამით, მთავრობა წაახალისებს კომპანიებს გავიდნენ კერძო კაპიტალის ბაზარზე და დამოუკიდებლად მოპოვებული რესურსებით შეძლონ კომპანიაში ინვესტიციების განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიისათვის საჭირო ინვესტიციების განხორციელება არ იყოს საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და იყოს დამოუკიდებელი საბიუჯეტო შეზღუდვებისგან. აღნიშნული თავის მხრივ გაზრდის ინვესტიციებს ქვეყნის ეკონომიკაში. ამავდროულად, იმ სახელმწიფო კომპანიებისთვის, რომლებიც გავლენ ადგილობრივ ბაზარზე, მთავრობა მოახდენს გადასესხებული სესხების საბაზრო ინსტრუმენტებად კონვერტირებას, რაც გაზრდის კომპანიების მიერ გამოშვებული ინსტრუმენტების ლიკვიდობას და გამოათავისუფლებს ფისკალურ სივრცეს;
პროგრამული სესხებისათვის:
2022 წლიდან სესხის აღება ხდება მხოლოდ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული რეფორმებისათვის. მსგავსი პროგრამების ფარგლებში მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარების გამოყოფა ხდება რეფორმების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად განხორციელების მხარდასაჭერად. მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს და განხორციელდეს მაღალი ტრანსფორმაციული ხასიათის მქონე რეფორმები. პროგრამული სესხებით დაფინანსდება მხოლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეფორმები, რომელთა შედეგი წინასწარ იქნება შეფასებადი და მთავრობის მიერ დამტკიცებული. რეფორმის ტრანსფორმაციულობის ხარისხს შეაფასებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური საბჭო. აღსანიშნავია, რომ პროგრამულ სესხებზე დაწესებულია წლიური ლიმიტი 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.