საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ სებ–ის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის (CCAMTAC) ცენტრალური ბანკებისთვის განკუთვნილ სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის ორგანიზებით ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.

„განიხილეს მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები. კერძოდ, დისკუსიები შეეხო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს შესაძლო ცვლილებებს ბოლო წლების ინფლაციური გარემოს გათვალისწინებით. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის მზარდ როლზე. ასევე, ისაუბრეს გაზრდილი გაურკვევლობის ეკონომიკურ შედეგებზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინტეგრირებული პოლიტიკის ჩარჩოსა და მონეტარული პოლიტიკის სხვა აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სებ–ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე და მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ ჭანტურია.

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ცხრა ქვეყნის ცენტრალური ბანკის 21-მა წარმომადგენელმა. პრეზენტაციები წარადგინეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის (JVI), მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა და ასევე, მოწვეულმა ექსპერტებმა ავსტრიის ეროვნული ბანკიდან (OeNB), საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკიდან (BIS), ევროპის ცენტრალური ბანკიდან (ECB), სლოვაკეთის ეროვნული ბანკიდან (NBS) და შვედეთის ცენტრალური ბანკიდან (Riksbank)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.