ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტს (ევროპა, ლათინური ამერიკა, კარიბის რეგიონი), ალფონსო გარსია მორას შეხვდა – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. საუბარი შეეხო სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობას და ამ კუთხით პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ფინანსთა მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, მომავალში გაგრძელდეს პარტნიორობა ქართულ მხარესთან საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისთვის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.