რა განსხვავებაა საგადასახადო კონსულტანტსა და მთავარ ბუღალტერს შორის? - ამის შესახებ  გვესაუბრება დავით ღავთაძე - გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების უფროსი საგადასახადო კონსულტანტი. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) მიწვეული ლექტორი.

დღევანდელი ბიზნეს გარემო მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგას. ბიზნესის ზრდას თან ახლავს როგორც სხვადასხვა სირთულეები, ისე შესაძლებლობები, რაც ბიზნესის მფლობელებისგან მოითხოვს სწრაფ და კრეატიულ გადაწყვეტილებებს.

დღეისთვის ჩამოყალიბებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მთავარი ბუღალტრის და საგადასხადო კონსულტანტის როლი ბიზნესში, ხშირად ერთნაირად აღიქმება და მეტიც,  კომპანიაში საგადასახადო კონსულტანტის პოზიცია, ისევე როგორც ბევრ სხვა პოზიციასთან დაკავშირებული როლი და პასუხისმგებლობა, ხშირად მთავარი ბუღალტრის თანამდებობასთან არის შერწყმული.

მთავარი ბუღალტერი და საგადასახადო კონსულტანტი, ორივე ემსახურება კომპანიის სპეციფიკურ მოთხოვნებს, თუმცა თითოეულ მათგანს აქვს სხვადასხვა როლი და პრაქტიკაში რთულია ორივე როლის და შესაბამისი პასუხისმგებლობის სრულფასოვნად შეთავსება ერთი ადამიანისთვის.

მთავარი განსხვავება ბუღალტერსა და საგადასახადო კონსულტანტს შორის მდგომარეობს მათ პროფესიულ კომპეტენციაში.

მთავარი ბუღალტრის კომპეტენციები:

მთავარი ბუღალტერი ორგანიზებას უნდა უწევდეს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის შექმნისა და წარმოების პროცესს, სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვას და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებას, ყველა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.

ცხადია, გამოცდილ მთავარ ბუღალტერს აქვს საგადასახადო კონსულტანტის მსგავსი კომპეტენცია, შეუძლია დაეხმაროს ბიზნესს ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზსა და საგადასახადო დაგეგმვაში, თუმცა ის აუცილებლად თავს დაიზღვევს და საკამათო საგადასახადო საკითხებში შეიძლება პრიორიტეტი გადასახადის ზედმეტად გადახდას მიანიჭოს, შესაბამისი რისკის და პასუხისმგებლობის მინიმიზაციის მიზნით. რაც, ერთ ადამიანზე დელეგირებული პასუხისმგებლობის პირობებში, სრულიად გასაგები იქნება.

საგადასახადო კონსულტანტის კომპეტენციები:

თავის მხრივ, საგადასახადო კონსულტანტი არის პროფესიონალი, რომელიც სპეციალიზირებულია საგადასახადო კანონმდებლობასა და საგადასახადო დაგეგმვაში. სიღრმისეულად იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას, გადასახადების ადმინისტრირების სპეციფიკას, რეგულაციებს, შეზღუდვებს, საერთაშორისო და ორმაგი დაბეგვის სტანდარტებს. საგადასახადო კონსულტანტის ერთ-ერთ მოვალეობას წარმოადგენს, დაბეგვრის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავებულ და რთულ ქეისებზე, დასაბეგრი ოპერაციის სწორად განსაზღვრა.

საგადასახადო კონსულტანტის როლი კომპანიაში, ემსახურება საგადასახადო ვალდებულებების ოპტიმალური მოდელის შემუშავებას, სადაც დაცული იქნება ბალანსი კანონის ფარგლებში გადასახადების მინიმიზაციასა და შესაბამის საგადასახადო რისკებს შორის.