საგარეო შემოდინებების შეწყვეტა ქვეყნისთვის აპოკალიფსური სცენარია და ამ ეტაპზე ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განაცხადა.
„ყველა შემოდინებას აქვს მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის. ზოგადად, ეროვნული ბანკი უყურებს ფართო სურათს. ფართო სურათი კი ასეთია: დაფინანსების ძირითადი ნაწილი შემოდის კერძო სექტორზე და ვალის შემთხვევაშიც, თუ მთავრობის ვალი 50 მილიონია, კერძო სექტორზე რამდენიმე ასეული მილიონია ყოველწლიურად.
ამ წუთას, კერძო ბანკები აგრძელებენ დაფინანსების მოპოვებას და ეს ინფორმაცია საჯაროა. გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებულია ამ დაფინანსებებზე. საგარეო შემოდინებები გრძელდება და არ გვსმენია, რომ კერძო სექტორს შესაძლოა, ამ მხრივ რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს,“ - განაცხადა დავით უტიაშვილმა.
მისი თქმით, დონორი ორგანიზაციებით მოზიდული თანხები საბანკო სექტორში შეადგენს 14 მილიარდს და 4-5 წელიწადში ერთხელ ეს თანხა ბრუნავს.
„ბუნებრივია, ამის შეფერხებას მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა ექნება, მაგრამ ასეთ სცენარს არ განვიხილავთ ამ ეტაპზე, რადგან რაიმე ასეთი არ გაცხადებულა. მთავრობის მისამართით გარკვეული საკითხების გადახედვა მიმდინარეობს, მაგრამ კერძო სექტორს ამ მხრივ არა მგონია რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს. ძალიან მნიშვნელოვნად ვართ ამ რესურსზე დამოკიდებული ჩვენც და მთლიანად ქვეყანაც.
IMF-ის გადაწყვეტილება, რომელიც 2023 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა, რომ საგარეო შემოდინებები, მათ შორის სესხის სახით, შეწყდეს, ეს არის აპოკალიფსური სცენარი და ამიტომ ამ ნაწილს არც განვიხილავთ. იმ პირობებში, როცა ეკონომიკა იზრდება, ჩვენი საბანკო სექტორი ძალიან კარგი გადამხდელია, არ ვთვლით, რომ მსგავსი რამე გვემუქრება ან რაიმე წინაპირობა არსებობს,“ - განაცხადა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა.