ფინანსთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, ეხმაურება 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, აბსურდია განცხადება იმის შესახებ, რომ პენსიებისა და ხელფასების დარიგებას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება.

„ბოლო პერიოდში ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, ჯერ იანვარში დღგ-ის გადასახადის ნაკლები შემოსვლის გამო აიგო მითი, თითქოს ეკონომიკა „ჩამოიქცეოდა“, თუმცა ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში, დღგ შესრულდა. ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში. ასევე, უკვე გამოქვეყნდა, როგორც სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზები და ვნახეთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შენარჩუნებულია მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა გაცილებით უფრო ნაკლებად იზრდება წელსაც და მომდევნო წლებშიც, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული. რაც შეეხება გადასახადების შესრულებას - მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ნახა, რომ გადასახადები გადაჭარბებით არის შესრულებული და უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე დაგეგმილი იყო, გარკვეული სახეების მიხედვით არსებულ ჩამორჩენებზე, კიდევ ერთხელ, აიგო მითი, რომ ჩამოიქცეოდა ჩვენი ბიუჯეტი და ვერ მოვახერხებდით პენსიების დაფინანსებას, რაც შეიძლება ითქვას სასაცილოა. იმპორტის გადასახადში 3 მლნ დაგვაკლდა, მაშინ, როცა პენსიებში 300 მლნ-ზე მეტს, ანუ ასჯერ მეტს ვიხდით ყოველთვიურად და რა თქმა უნდა, სასაცილოა 3 მილიონის გეგმასთან შედარებით დაკლება, იძლეოდეს იმის თქმის საფუძველს, რომ პენსიები და ხელფასები ვეღარ დარიგდება, რაც აბსურდია“,  - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს