საქართველოს პარლამენტის აპარატმა 25 ერთეული I კლასის, მსუბუქი სედანის ტიპის ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის საერთო ღირებულება 2 999 375 ლარია, რაც ნიშნავს, რომ თითო ავტომობილზე პარლამენტი მაქსიმუმ 119 975 ლარს დახარჯავს.

ტენდერის მიხედვით, შესყიდული ავტომობილები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

14 ნოემბერს გამოცხადებული სატენდერო პირობების მიხედვით:

  • ავტომობილები უნდა იყოს 2025 წელს გამოშვებული;
  • ექვემდებარებოდეს 0-სთან მიახლოებულ გარბენს (არაუმეტეს 200 კმ);
  • იყოს განბაჟებული, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.

დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 150 000 კმ-ზე ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება მოიცავს: სერვისებს, ნაწილებს, საწვავსა და ავტომობილის ფასს ერთად.

ტენდერის მიხედვით: წინადადებების მიღება დაიწყება 2025 წლის 11 დეკემბერს და დასრულდება 16 დეკემბერს;

ავტომობილების მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად ან ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 240 დღეში;

მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით იმავე ვადაში უნდა უზრუნველყოს ავტომობილების გადაფორმება.

კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შესყიდვის განხორციელება მრავალწლიანი ბიუჯეტირებით:

90% საავანსო გადახდა - 2025 წლის ბიუჯეტიდან და დარჩენილი 10% - 2026 წლის ბიუჯეტიდან.

წყარო: bm.ge