ბათუმში, 20 და 21 ივნისს, ანბანის კოშკის მიმდებარედ, დაგეგმილია ფესტივალის ჩატარდება – „ზაფხული იწყება აქ“. ფესტივალის ორგანიზებაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებში კი ჯამში 450 800 ლარი დაიხარჯება.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯითი ჰოლდინგთან“ 137 400 ლარზე აქვს გაფორმებული [ტენდერი 159 740 ლარით იყო გამოცხადებული].

„შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნისა და ანონსის ორდღიანი ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ – სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვა, რაც გულისხმობს მასშტაბური სცენის მოწყობას სკაფოლდის სისტემებით, სასცენო განათებას, სასცენო ეფექტებს, ლაზერებით, სასცენო ცეცხლით ე.წ stage flame – ით, CO და კონფეტის დიდი სკალის აპარატით მომსახურებას, გახმოვანების აპარატურას. 213 კვ.მ-ის ლედ ეკრანებს, ლაივ ჩართვების მომსახურებას, სასცენო დაცვასა და ე.წ. ბექ სტეიჯის მომსახურების უზრუნველყოფას.“ – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, ღონისძიება ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოცრებათა პარკში, დაახლოებით 2 000 კვ.მ. ტერიტორიაზე ჩატარდება. „ღონისძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში მოეწყობა გრანდიოზული სცენა, შიდა და გვერდითა ლედ ეკრანებით, სასცენო ცეცხლებით, ლაზერული განათებებით, ლაივ ჩართვის სპეციალური ტექნიკური აპარატურით.“

  • 120 500 ლარზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება სხვა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჩვენი თეატრთან“. „შესყიდვის ობიექტი კი თეატრალური და კოსტიუმირებული წარმოდგენების, აკრობატული შოუს, საბავშვო გმირებისა და საბავშვო აქტივობების ორგანიზება“ წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით სააგენტოსა და კომპანიას შორის ურთიერთშეთანხმებით ეს ხელშეკრულება შეწყდა. შესაბამისად, როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, აღნიშნული აქტივობები ფესტივალზე აღარ იქნება.

კიდევ ერთი ხელშეკრულება სააგენტოს შპს „კრეატივ-ჯგუფთან“ აქვს გაფორმებული 168 900 ლარზე – ფესტივალის დეკორაციული ნაწილის ორგანიზებაზე. 

ამ შემთხვევაში მომსახურება მოიცავს სივრცით დეკორაციებისა და მასშტაბური ინსტალაციების მოწყობას, დიდი ზომის მზის ქოლგებს, კვების ნაწილს – ე.წ. ლაუნჯებს, რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვისთვის დახლ-მაგიდების უზრუნველყოფას და სხვა.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ფარგლებში მოწვეულ დიჯეებსა და მუსიკალურ ჯგუფებს ჰონორარის სახით ჯამში 144 ათას 500 ლარს გადაუხდის.

აქედან „ურსას“ – 30 ათასი ლარი, „კახაბერი და ხანუმები“ – 25 ათასი, „სინთეზი“ – 20 ათასი, „მიქსტურა“ – 16 ათასი, New one – 13 ათასი ლარი და ა.შ.

batumelebi.netgazeti.ge